Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია: "აფხაზეთი მზადაა ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს"


ასლან ბჟანია, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტი"
ასლან ბჟანია, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტი"

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემა „სოლოვიოვ LIVE“-ის ეთერში განაცხადა, რომ „რესპუბლიკა“ მზადაა შეუერთდეს ბელარუს-რუსეთისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს.

ბჟანიას თქმით, „სამოკავშირო სახელმწიფოს იდეა აფხაზი ხალხისთვის ახლობელია“. „ის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ბჟანიას თქმით, „აფხაზეთს რუსეთის ფედერაციასთან მტკიცე კავშირი ესაჭიროება“.

„ნათელია, რომ ცალპოლუსიანი მსოფლიო ჩამოინგრა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია (ამაში დარწმუნებული ვარ) წარმატებით დაასრულებს უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალურ ოპერაციას, სრულიად განსხვავებული რეალობა იქნება. ხელისუფლებისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის ნათელი იქნება, ვინ არის ნამდვილი მოკავშირე, ვინ იდგა გვერდში ამ მძიმე დროს და ამ ფაქტებიდან გამომდინარე, სამოკავშირეო სახელმწიფოს გარკვეული კონტურები გამოიკვეთება. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ამაში მონაწილეობისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მან.

ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ ბელარუსის ხელისუფლებასთან ოფიციალური კონტაქტები არ აქვთ.

„მაგრამ სამოქალაქო დონეზე ასეთ კონტაქტები არსებობს. ბოლო დროს ბელარუსულმა ბიზნესმა აფხაზეთის მიმართ ინტერესი გამოიჩინა. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან საინტერესო ბელარუსულ-აფხაზურ ეკონომიკურ პროექტს დავიწყებთ“, - განაცხადა მან.

მანამდე ბჟანიამ თქვა, რომ აფხაზი ხალხი მუდმივად დაუჭერს მხარს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებს, რომ „ქვეყანამ“ ამ „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ აფხაზი მეომრებიც მონაწილეობენ.

ბჟანიას განმარტებით, აფხაზი ხალხი დონბასელების დასაცავად იბრძვის, რათა ნატოს რუსეთის დაშლის გეგმებს შეუშალოს ხელი.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ლუკაშენკამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, როგორც კი ამ ნაბიჯის აუცილებლობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ პუტინისგან შეიტყობს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ თქვა, რომ კრემლს არავითარი ნიშანი არ გაუგზავნია ლუკაშენკასადმი „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ასევე ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარების შესახებ“.

2020 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რომ განიხილავდა "სამხრეთ ოსეთის" აღიარების საკითხს, თუმცა, დასავლეთი სანქციებით დაემუქრა, ამ სანქციებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციაზე კი, რუსეთთან ვერ შეთანხმდა.

ამასთან, ლუკაშენკამ „ცუდი ფაქტი“ უწოდა „საქართველოსთვის ოსეთის წართმევას“.

XS
SM
MD
LG