"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ISFED-თან დაკავშირებით "გაურკვეველს" უწოდებს და ამბობს, რომ იგი მისთვის შოკისმომგვრელია:
"როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო - ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ", - თქვა ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებლთან" ინტერვიუში.
მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა მაშინ მთავარი საყრდენი, რომ პარლამენტის საბოტაჟი განეხორციელებინა.
"ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ISFED-ს უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ISFED აქაც მოგვევლინა რევოლუციური პროცესის თანამონაწილედ. როდესაც ამის შემდეგ საელჩო ISFED-ს უწოდებს ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს სურვილს, იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, არის გასაკვირი. საზოგადოება ისედაც არის გაურკვევლობაში გარკვეული ფაქტების გამო. საზოგადოება ისედაც ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ, რადიკალურ პროცესებში იყოს ჩართული ამერიკული დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია. როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს გაურკვეველი ტიპის განცხადებები, ეს, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის", - განაცხადა კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 19 აგვისტოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ასეთი კომპეტენტური ორგანიზაციის პროცესს მიღმა დატოვება, ევროკომისიის რეკომენდაციასაც და რეფორმების სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება.
ამერიკის საელჩოს განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელმაც ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველეყო.
ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, საქართველომ 23 ივნისს მიიღო. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.
საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში მმართველმა პარტიამ შექმნა და მისივე გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო. ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან "გირჩი", "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან "საქართველოსთვის". ჯგუფის საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
"სამართლიან არჩევნებს" მმართველმა პარტიამ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს ორგანიზაცია პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან. "სამართლიანი არჩევნების" პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც".
მოგვიანებით 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ - განაცხადა, რომ ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, დროებით აჩერებენ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას.