Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს ახალ ბრალდებებს უყენებს, მათ შორის, პანკისში სპეცოპერაციაზე


ფოტო არქივიდან: ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი
ფოტო არქივიდან: ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს და თავის ყოფილ უფროსს, ვახტანგ გომელაურს, ბრალდებებს უყენებს. ბრალდებების ჩამონათვალში მოხვდა "არაოფიციალური შემოსავლები" და პანკისის ცნობილი სპეცოპერაცია, რის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა.

"ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ამ სისტემას არ დავანგრევ. ამას მე შენთვის და შენი ოჯახისთვისაც ვაკეთებ, რადგან მალე, როცა ეს მთავრობა აღარ იქნება და სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლდება ოლიგარქის მარწუხებისაგან, დადგება დრო, აგო პასუხი შენს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაშინ კი აღარ შემოგივარდებიან შენც შუაღამისას სახლში, არ ჩაგიდებენ იარაღს და ათას სიბინძურეს და შენს შვილ ლუკაჩოსთან ერთად კი არ გათრევენ მიწაზე, არ გირტყავენ და პირში ლულებს არ ჩაგთხრიან შენ და შენს შვილს, არამედ თავისუფალ უწყებაში დაგიბარებენ, სუფთად ჩაცმულს, წაგიყენებენ ბრალს და მოგაბრძანებენ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვინტილაცია უკვე გაკეთებული იქნება და დიდხანს ისუნთქებ გრილ და სუფთა ჰაერს", - წერია გოგაშვილის სახელით გავრცელებულ ფეისბუკპოსტში.

სოსო გოგაშვილის ბრალდებები ვახტანგ გომელაურს:

  • "წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს";
  • "მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე, უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში".

იმ შემთხვევაში, თუ რადიო თავისუფლება შეძლებს შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის მოპოვებას, მასალა განახლდება.

გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი გადამოწმებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნეს.

XS
SM
MD
LG