Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იწყებოდა ომი - 7 ადამიანის 7 ამბავი


30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. დევნილები ამ დღეს და იმ ამბებს იხსენებენ, რომლებიც მათ 1992 წელს და მას შემდეგ გადახდათ.

ომარ ჯიქია
ომარ ჯიქია

ომარ ჯიქია - გაუქმებული დაბადების დღე

მი რომ დაიწყო, ომარ ჯიქია 21 წლის იყო. ერთი შვილი უკვე ჰყავდა, მეორე შემდეგ შეეძინა.

ჩემი შვილი 14 აგვისტოს დაიბადა. ყოველთვის ვეუბნები, ან ერთი დღით ადრე აღვნიშნოთ, ან ერთი დღით მერე-მეთქი. არ მიყვარს 14 აგვისტო.

იმ დღეს ზუგდიდიდან მოვდიოდი. გულრიფშში რომ შევედი, უკვე ისროდნენ. ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა. ვიფიქრე, სწავლებაა-მეთქი.

27 სექტემბერს სოხუმი რომ დაეცა, სვანეთიდან წამოვედი, მანამდე ჩემები გავუშვი გემით. ის კადრები გახსოვთ, გემზე რომ ადიან, ძაღლი რომ მიცურავს ზღვაში? აი, იქ იყო ჩემი ბავშვიც.

წებელდამდე მანქანით ჩავედი, მერე მანქანა იქ დავტოვეთ და ფეხით გავაგრძელე გზა. საჭმელი არ იყო არაფერი, სვანებისგან თხა ვიყიდეთ, ხორცს და პურს ერთმანეთში ვცვლიდით.

მწვერვალზე რომ ავედით, პური გადმოგვიყარეს ვერტმფრენიდან. ხალხი ისე იყო გამწარებული, ერთ პურს ოცი კაცი ესეოდა.

აფხაზეთში ისეთი ამინდები იყო... სვანეთში კი მაინცდამაინც მაშინ მოთოვა. არ გვეცვა თბილად. გზადაგზა ცხედრები გვხვდებოდა, მარხავდნენ, მაგრამ მერე იმ საფლავს ვეღარ იპოვიდი. რაც არ უნდა დაგერჭო, ჯოხი, ჯვარი, ყველაფერი ერთმანეთში იზილებოდა.

შიმშილმა, სიცივემ და ნერვიულობამ დახოცა ხალხი, ერთი კვირა, ცხრა დღე რომ მოდიხარ...

ვცდილობდით, ქალები, ბავშვები ვერტმფრენებით გაგვეშვა. ჩემმა მეზობელმა მეუღლე ძალით შეტენა ვერტმფრენში. არ უნდოდა იმ ქალს წასვლა, შენთან ერთად ვიქნები მეცო. ვერტმფრენმა სიმაღლე ვერ აიღო და ჩვენს თვალწინ ჩამოვარდა, ყველანი დაიღუპნენ.

მამაჩემი ზუგდიდში იყო დაბადებული, რიყეში. აფხაზეთში ზღვის პირას თავისი ხელით ააშენა სამსართულიანი სახლი. სოხუმის დაცემის შემდეგ სამეგრელოში რომ ჩამოვიდა, ისეთ შოკში იყო, სოფელს ორჯერ შემოუარა, სახლს ვერ აგნებდა. მამას რომ ვნახულობდი, აფხაზეთზე არ ველაპარაკებოდი, ვიცოდი, ძალიან განიცდიდა. გულმა უგრძნო თუ რა იყო, ჩვენს სახლს ფოტო გადაუღო ადრე და ეს ფოტო ჩარჩოში ჩასმული ეკიდა კედელზე.

ახლაც კიდია მამაჩემის სურათის გვერდით.

დევნილთა დასახლება ვაკეში
დევნილთა დასახლება ვაკეში

გაიოზ გამეზარდაშვილი - არ შემიხედავს

გაიოზ გამეზარდაშვილი სამოცს გადაცილებული ჭიათურელი კაცია, მაგრამ სახლი სოხუმში ჰქონდა. სოხუმის დატოვების შემდეგ ჯერ საჩხერეში ცხოვრობდა, შემდეგ მარნეულში, ბოლოს თბილისში დამკვიდრდა.

14 აგვისტოს სოჭში ვიყავი წასული, ჩამოვედი და რას ჰგავს სოხუმი, გვარდიელები დადიან... ჯაბას ხალხს რა ერქვა? ისინი ომობდნენ, თან ომობდნენ, თან ძარცვავდნენ ქალაქს.

ბოლო დღეს წამოვედი. არ ვიცოდი, სოხუმი თუ დაეცემოდა, თორემ ერთ ჩემოდანს მაინც დავიკავებდი ხელში. სვანეთით მოგვიწია წამოსვლა, ჩემი შვილი მაშინ პირველ კლასში იყო. ტყეებში ვათევდით ღამეებს. გაიძახოდნენ ბავშვები: გვშია, გვშია... გარდაცვლილებიც იყვნენ, ერთი კაცი იწვა, ვითომ ეძინა, ქუდი ეფარა სახეზე. ბავშვებიც იყვნენ გარდაცვლილები...

არ შემიხედავს, რომ შემეხედა, მერე უნდა მეფიქრა ამაზე.

მალხაზ ძიძიგური
მალხაზ ძიძიგური

მალხაზ ძიძიგური - აფხაზეთში დარჩენილი ბებია მამულა

მალხაზ ძიძიგური ხუთი წლის იყო, მისი ოჯახი გაგრიდან რომ წამოვიდა. ძალიან ბევრი ხალხი იყო, დიდი პანიკა, მაგრამ შიში არ მიგრძვნია, ბავშვს ბევრი ხალხი მიხაროდაო.

ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ იქიდან ვარ და აქ ვარ.

ბაბუაჩემი ბოჩია ომში დაიკარგა, ბებია მამულა ფაილოძე აფხაზეთში დარჩა, დაველოდებიო. თავიდან დიდი წნეხი იყო მასზე, იარაღიც კი მიუშვირეს მოსაკლავად, სომეხმა მეზობლებმა იხსნეს.

ჩამოდიოდა ხოლმე, იქაური ჩურჩხელა და არაყი ჩამოჰქონდა. ფულიც ჩამოჰქონდა, მუშაობდა აფხაზეთში. ბოლოს ძალიან ცუდად რომ იყო, ჩამოვიდა და უკან აღარ გავუშვით. რამენაირად ჩამიყვანეთ, რომ იქ თუნდაც ეზოში დავიმარხოო, ძალიან უყვარდა თავის კარ-მიდამო, თან სიცოცხლის ბოლომდე ბაბუაჩემის დაბრუნებას ელოდა მაინც.

ახლა უნდათ, რომ ოფიციალურად იყიდონ ის სახლი, მაგრამ ჩვენ არ ვყიდით. მამაჩემი იძახის, ათი მეტრი მიწაც რომ იყოს, ჩავალ და რამეს გავაკეთებო.

ნინო ზარანდია - ვინი პუჰი და ხრუშა

ომი რომ დაიწყო, 32 წლის ნინო ზარანდიას ერთი შვილი უკვე ჰყავდა, მეორეზე ორსულად იყო. აფხაზეთში სასწრაფოს ექიმად მუშაობდა, თბილისშიც ექიმად მუშაობს.

უფროსი ბიჭი პურის მოსატანად გავუშვი და ატყდა გუგუნი. მოდის და მოდის ტანკები, გავარდა ჩემი და გაგიჟებული, რაღაცა ხდება ჩვენ თავსო.

28 სექტემბერს წამოვედი უკრაინული გემით. ორსულად ვიყავი და სათამაშოები წამოვიღე, ვინი პუჰი, ხრუშა... დღემდე გვაქვს ოჯახში. მეგონა დავბრუნდებოდი და წამოსვლისას სახლში მტვერი გადავწმინდე, მეზობელს დავუბარე, ყვავილებს მიმიხედე-მეთქი.

გული რაზე მწყდება? ჩემს ძმაზე. ჩემი ძმა, ზური ზარანდია გუმისთასთან დაიღუპა, ტანკში დაიწვა. საწყალი დედა ამბობდა, შვილი თუ დამეღუპებოდა, სახლ-კარი მაინც შერჩენოდათ ბავშვებსო.

დედა რომ კვდებოდა, რეანიმაციაში ვეჯექი. საოცრება იყო, გარდაცვლილ მამაჩემს ხედავდა და ეკითხებოდა, სად არის ზური? შენთან არის? მერე თქვა: უფ, რა კარგია!

როგორც ჩანს, დასტური მიიღო.

დევნილთა დასახლება ვაკეში
დევნილთა დასახლება ვაკეში

ნინო თვარაძე - Tel: 5 18 33

ნინო თვარაძეს უფრო ის ახსოვს, აფხაზეთიდან როგორ წამოვიდნენ. ყველა მხრიდან დაიწყო შემოტევა, ზღვიდან, ხმელეთიდან, სახურავზეც სნაიპერები ისხდნენ. ღამით ახლობლები ამოვიდნენ და მე და ჩემი შვილები ბეტეერით გამოგვიყვანესო. ამის მერე უკვე თვითმფრინავში ჩასხდნენ.

ჩემი მეუღლის მშობლები, რომლებსაც ცხრა შვილი ჰყავდათ გაზრდილი, ცოცხლად დაწვეს. ახალდაბაში, სკოლაშიც შეყარეს ხალხი და ცეცხლი წაუკიდეს. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენი თვითმფრინავი ჰაერში რომ ავიდა, დავინახეთ, ცეცხლი ეკიდა სკოლას. ხალხი ლაპარაკობდა, ვაიმე, საწყლები, ცოცხლად წვავენო. ზღაპარში როგორც არის, ისე იყო, უკან არ უნდა მიგეხედა.

დავრეკე ერთხელ ჩემს სახლში, 5 18 33 იყო ჩვენი ტელეფონის ნომერი. ვიღაც გადამთიელმა აიღო, თქვენი აღარაფერი აღარ არის აქო. ერთი თვე ცუდად ვიყავი.

მადლობელი ვარ მაინც ღმერთის, რომ ოჯახი გამოვიყვანე. მართალია, ყველაფერი დავკარგეთ, მაგრამ გონება შეგვრჩა და შემართება. აფხაზეთის ხალხს დიდი ყურადღება სჭირდება. ბევრს მართლა უამრავი პრობლემა აქვს. ეს ხალხი უნდა გადარჩეს, რომ ისევ დაბრუნდეს, მომავალი თაობა მაინც.

მამას აფხაზი დედობილი ჰყავდა. სიკვდილის ბოლო წუთამდე ისე უყვარდა ამ ქალს მამაჩემი, რომ დაინახავდა, ლამის ფეხებს ბანდა. მე ორივე მხარის დაღუპულებს მივაგებ პატივს, ყველამ თავისი კერიისთვის იბრძოლა. მესამე როდესაც ერევა, აი, ის არის დამნაშავე.

ქეთევანი - „რამდენი ნაგავია

ქეთევანი ქმართან და ორ შვილთან ერთად გულრიფშში ცხოვრობდა. ბავშვები პატარები იყვნენ, უფროსი ის-ის იყო სკოლაში შედიოდა.

14 აგვისტო როგორ არ მახსოვს, ბავშვი მყავდა ამბულატორიაში, აცრა გავუკეთე და შემოვიდნენ ავტომატებით, თავზე ლენტები ჰქონდათ წაკრული. ვითომ რკინიგზა უნდა გაეკონტროლებინათ, ამ საბაბით შემოვიდნენ.

ჯერ გემით გვინდოდა წამოსვლა, მაგრამ 27 სექტემბერს ნათესავი მოვიდა, რა გემი, რის გემი, დაეცა სოხუმიო. წამოვედით სვანეთზე მე, დედაჩემი და ორი ბავშვი.

წლების მერე, დედაჩემი უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, უცებ იძახის, დამაცადეთ, დამაცადეთ, რამდენი ნაგავია, ჩალბაშში უნდა ჩავყაროო. ჩალბაში სოხუმის მდინარეა, მოსახლეობა ნაგავს იქ ყრიდა... მერე გაჩუმდა და აღარაფერი უთქვამს.

ნინო ყალიჩავა - სახლში

ნინო ყალიჩავა 1992 წელს სტუდენტი იყო, სხვა ქალაქში სწავლობდა და ომს თავად არ შესწრებია, მისი ახლობლები შეესწრნენ.

დედაჩემი რაც ასაკში შედიოდა, მით უფრო ენატრებოდა სახლი. სულ სახლისკენ იწევდა და ამ ოცნებაში ამოხდა სული.

ყველაზე დიდი დარტყმა მაინც მისმა თაობამ მიიღო. 50 წლის რომ ხარ და ხელახლა გაგიხდება ცხოვრება დასაწყები... აქამდე იმ იმედით მოდიოდნენ, რომ საფლავი მაინც ექნებოდათ აფხაზეთში და მერე ეს იმედიც რომ გაქრა... დედა ასაკთან ერთად უკვე ვეღარ იკავებდა თავს, ბოლოს საერთოდ ეგონა, რომ აფხაზეთში იყო, თავის სახლში, აი, აქ არისო, მიმტკიცებდა. წამიყვანეთო, ჩავისვამდი მანქანაში და მკარნახობდა, საით უნდა წავსულიყავი. რომ „მივიდოდით“ და ვერ იცნობდა ადგილს, აბა, კიდევ ცოტა გავიაროთო, იტყოდა, იმის იქით არისო და ასე...

გლდანში ერთი დაღმართია. ამ ჩასახვევის იქით აგურის ქარხანაა და იქ არის ჩემი სახლიო, ამბობდა. აგურის ქარხანა სოხუმში, ჭანბას ქუჩაზე იყო. ბინაში თუ ვიყავით, კორპუსში, აი, ამ კიბებზე თუ ჩავალ, ჩემს სახლში მოვხვდებიო...

სულ სახლში მიდიოდა, სახლში და დედასთან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG