"ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასული დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ წერილს ავრცელებენ, რომელშიც კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ელჩ კელი დეგნანს. დეპუტატები წერენ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში გასული სამი წლის განმავლობაში ინტენსიურად ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას "ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს". ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია არა მხოლოდ "მეორე ფრონტის" გახსნით საქართველოში, არამედ რევოლუციის მოწყობითაც. დეპუტატები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებად მიიჩნევენ 19 აპრილის შეთანხმების მოსამზადებელ, საარჩევნო წესის ცვლილებისთვის, პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების ციხიდან გამოშვებისთვის და დეპოლარიზაციისთვის გამართულ მოლაპარაკებებში ჩართულობებს.
"ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა. თუმცა, მტკივნეული ტაქტიკური დათმობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბრძოლა მოიგო და საპარლამენტო არჩევნებში 90 მანდატი მოიპოვა", - წერენ დეპუტატები. ისინი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის უკანაც, როცა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რადიკალური ჯგუფების მართვა და 50-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე ჰომოფობიურ აქციაზე, შეერთებული შტატების ინტერესს ხედავენ.
"საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა - ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც ე.წ. პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ფაქტია, რომ ჟურნალისტებზე ძალადობით, რომლის თავიდან აცილება ხელისუფლებისთვის შეუძლებელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული დარტყმა მიიღო. თუმცა, საბედნიეროდ, ამ დარტყმამ არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა", - ვკითხულობთ მათ წერილში.
"ოცნებიდან" წასული დეპუტატები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს და ამის არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ელჩი ინტერვიუებს ძირითადად კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აძლევს. "სიმართლის მთქმელი" დეპუტატები უკმაყოფილონი არიან კელი დეგნანის "ფორმულისთვის" მიცემული ინტერვიუს შინაარსითაც, რომელშიც ელჩი ქართულ ენაზეც კი შეეცადა განემარტა საზოგადოებისთვის, რომ შტატებს საქართველოში არა ომი, არამედ მშვიდობა სურს.
"ელჩი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუისა და სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ნაციონალური მოძრაობისგან თავისუფალ მედიას ელჩი მხოლოდ ერთხელ ესტუმრა და იქაც იმ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, რომელიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმარი და რადიკალური ოპოზიციის თავგადაკლული მხარდამჭერი იყო.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საელჩოს გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამდნენ და ახლა უკვე ცხადია, რომ მაშინდელი მედიამონოპოლიის უკანაც საელჩოს ხელწერა იყო. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ასეთი დაბალი სტანდარტი და ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ხარისხიანი დემოკრატია და მედია გვინდა", - წერენ დეპუტატები და უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ელჩმა დეტალურად არ ისაუბრა მასსა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლს, ბიძინა ივანიშვილს შორის მარტში გამართული შეხვედრის შინაარსზე.
"ფაქტია, რომ როდესაც ელჩი შეხვედრის რეალური შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მას რაღაც აქვს დასამალი", - ასეთია "სიმართლის მთქმელი" დეპუტატების პოზიცია. ელჩმა "ფორმულის" ეთერში თქვა, რომ ამ შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს და საუბარი არ ყოფილა ივანიშვილის სანქცირებაზე ან მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, რაც შეიძლება შანტაჟად ყოფილიყო მის მიერ აღქმული.
დეპუტატები, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, კვლავ უწონებენ მუშაობას "ქართულ ოცნებას" და მიიჩნევენ, რომ პარტია "მყარად უძღვება ქვეყნის მართვის საქმეს და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი ინტერესი არა აქვს." ისინი ასევე საზოგადოებას ახსენებენ, რომ "ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანის დაცვას იმსახურებს", თუმცა იქვე დასძენენ, რომ "მას ეს დაცვა არ ჭირდება."
მმართველი პარტიის "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება "ქართული ოცნების" წევრების ნაწილმა 28 ივნისს დაიწყო. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებმა "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" დაასახელეს.
უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.