Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებსა და სანქციებზე


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი "ფორმულასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან, რომლის შესახებაც თავად მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია. ელჩი ამბობს, რომ ეს იყო შეხვედრა გავლენიან ქართველთან და ის ცდილობს შეხვდეს ბევრ განსხვავებულ ადამიანს. კელი დეგნანმა თავი შეიკავა იმის შეფასებისგან, რა შეიძლება ყოფილიყო ივანიშვილის მოტივაცია, როცა მან პირადი, დახურული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

"არ მსურს ბატონ ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩვენ, როგორც წესი, არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს, იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი, ასე მოიქცეს, თუკი მეორე მხარეს ურჩევნია, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. როგორც კი გაირკვა, რომ ბატონი ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალი სხვა სფეროს შესახებ, სადაც ამერიკა ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას. ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც ბევრ სხვა საქართველოს მოქალაქესთან. სინამდვილეში სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა, ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ამ ქვეყანაში", - თქვა კელი დეგნანმა.

ივანიშვილისა და მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" წასული დეპუტატების ვერსიით, ელჩთან შეხვედრის მიზანი საქართველოს ომში ჩართვა იყო. ელჩმა "ფორმულასთან" ინტერვიუში ეს უარყო და თქვა, რომ მათ საუბარში არ ყოფილა ისეთი თემები, რომლებიც შეიძლება შანტაჟად ან ომში ჩართვის მცდელობად ყოფილიყო აღქმული.

"ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის, ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. შეხვედრისას საერთოდ არ ყოფილა ამ თემებზე საუბრები", - განაცხადა კელი დეგნანმა. მან ეს განმარტება გააკეთა 28 ივლისსაც, "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

ელჩმა "ფორმულასთან" საუბარში ყურადღება გაამახვილა შეხვედრის ხანგრძლივობაზეც და გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ საზოგადოების ნაწილმა სამსაათიანი შეხვედრა ხანგრძლივად მიიჩნია. მან თქვა, რომ ამგვარი შეხვედრები ხანგრძლივად არ ითვლება და არც იმაშია რაიმე უჩვეულო, როცა ელჩი ხვდება გავლენიან მოქალაქეებს.

ელჩმა "ფორმულასთან" ინტერვიუში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არასოდეს უცდია და არც ახლა ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში. ის ამ ნარატივს დეზინფორმაციად მიიჩნევს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დაბნეულობის გაჩენა და ადამიანების დაშინებაა.

"თავიდან მეგონა, რომ რაღაც დაიკარგა თარგმანში, რადგან ამ კითხვებს ძალიან ბევრჯერ ვუპასუხე, მაგრამ მყავს შესანიშნავი თარჯიმანი, ასე რომ, არ მგონია ეს ასე ყოფილიყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ვისაც გულწრფელად აინტერესებს ჩემი კომენტარები და ჩემი პასუხები, ხედავს, რომ ამ კითხვებს არაერთხელ ვუპასუხე როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. მათ, ვინც აგრძელებს იმავე კითხვების დასმას, რომლებზეც მე უკვე ბევრჯერ გარკვევით ვუპასუხე, ან ნამდვილად არ აინტერესებთ ჩემი სათქმელი, ან აქვთ საკუთარი მოტივები გააგრძელონ იმის გამეორება, რაც დეზინფორმაციად, ცრუ ინფორმაციად იქნა მიჩნეული.

შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს, არავითარი, ჩაითრიოს საქართველო რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩართვა, არც ამ და არც რომელიმე სხვა ომში. ეს არის უბრალოდ პროპაგანდა, იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან: დაადანაშაულონ შეერთებული შტატები საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში.

არ ვიცი, რა არის მოტივი. ჩვენ ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია ხალხის დასაბნევად არის შექმნილი და ვფიქრობ, ცხადია, რომ ეს ხდება საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს ემსახურება ხალხის დაშინებას და ვფიქრობ, ამას ვხედავთ აქ. ხალხი შეშინებულია", - თქვა კელი დეგნანმა.

27 ივლისს გავრცელებული წერილით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 21 მარტს, აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

"რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - წერია ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში.

XS
SM
MD
LG