თვითმხილველები იტყობინებიან რამდენიმე აფეთქებაზე რუსეთის სამხედრო აეროდრომთან საკიში, ანექსირებულ ყირიმში. აეროდრომი მდებარეობს ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, დაბა ნოვოფიოდოროვკასთან. სავარაუდოდ იწვის საბრძოლო მასალების საწყობი, იტყობინება Krym.Realii.
აფეთქებების მიზეზებზე ცნობები არ ვრცელდება. აეროდრომი ღრმა ზურგში მდებარეობს, 250-260 კილომეტრზე ოდესიდან ან ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან.
რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ტურისტებს შორის არავინ დაზარალებულა. აფეთქების ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სანიტარული ავიაცია გაემართნენ.
აეროდრომზე იმყოფება ავიაგამანადგურებლების მე-3 პოლკი, რომლის შემადგენლობაში ძირითადად არის თვითმფრინავები Su-30SM, Su-33 და ბომბდამშენები Su-24M, იტყობინებოდა ადრე Krym.Realii. გამოცემის თანახმად, პოლკი მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე ომში და რაკეტებითა და ბომბებით ახორციელებს იერიშებს ქვეყნის ტერიტორიაზე.
31 ივლისს დილით ანექსირებულ სევასტოპოლში იერიში მიიტანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის ბაზაზე, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. სავარაუდოდ დარტყმა განხორციელდა დრონის მეშვეობით, რომელიც ანექსირებული ნახევარკუნძულის ტერიტორიიდან აფრინდა.