Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინის ატომური სადგური "კონტროლს მიღმაა"


რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი
რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინაში ევროპის უდიდესი ატომური სადგური "სრულიად კონტროლს მიღმაა" და რუსეთსა და უკრაინას მიმართა თხოვნით ადგილზე სასწრაფოდ დაუშვან ექსპერტები, ვითარების სტაბილიზაციის და ბირთვული ავარიის თავიდან ასარიდებლად.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA ) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ სამშაბათს სააგენტო ასოშიეტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო სახიფათო ხდება ზაპოროჟიეს სადგურზე, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ენერგოდარში, რომელიც რუსეთის ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს - მალევე მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

სადგურზე "დარღვეულია ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი", ამბობს გროსი და დასძენს - "რასთანაც საქმე გვაქვს, არის უაღრესად სერიოზული, უაღრესად მძიმე და სახიფათო". გროსი აღნიშნავს, რომ სადგურის სიახლოვეს აქტიური ომი მიმდინარეობს.

არ ყოფილა დაცული სადგურის ფიზიკური მთლიანობა, ამბობს გროსი და მიანიშნებს ომის დასაწყისში მომხდარ სროლაზე. ამჟამად შექმნილია "პარადოქსული ვითარება", როცა სადგურს აკონტროლებს რუსეთი, მაგრამ მის მუშაობას კვლავ უკრაინელი თანამშრომლები ახორციელებენ - რასაც მოაქვს დაპირისპირების და სავარაუდო ძალადობის გარდაუვალი ინციდენტები, ამბობს გროსი. მისი თქმით, IAEA-ის თანამშრომლები სადგურის ოპერატორებთან კონტაქტს ინარჩუნებენ, მაგრამ ეს კონტაქტი ნაკლოვანია და არადამაკმაყოფილებელი.

ზაპოროჟიეს რუსეთის მიერ დაპყრობამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა დაზიანებულიყო, რასაც მოჰყვებოდა 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა.

რუსეთის ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე დაიკავეს ეს მძლავრად დაბინძურებული არეალი, თუმცა მარტის ბოლოს მისი მართვა კვლავ უკრაინელებს ჩააბარეს.

XS
SM
MD
LG