ოპოზიციაში გადასული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მმართველი პარტიის, რომლის ლიდერიც თავადაც იყო, დამფუძნებლის გავრცელებული განცხადების შინაარსს სამწუხაროს უწოდებს. მან მედიასთან ამ საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა.
"სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები", - თქვა გახარიამ.
დღეს, 27 ივლისს ბიძინა ივანიშვილის ინტრესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ - MKD-მ მისი სახელით განცხადება გაავრცელა. წერილის მთავარი აქცენტები იყო მმართველი პარტიის გადადგმული ნაბიჯები, "ომში ჩართვა" და აშშ-ის ელჩთან შეხვედრა.
ამ წერილის მიხედვით, ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანის სურვილით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა.
ამავე წერილის მიხედვით, მისი პოზიცია ქვეყნის "ომში ჩართვაზე" მმართველი პარტიის პოზიციას ემთხვევა და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დღემდე აქტუალურია.
"ომში ჩართვაზე" საუბრის შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა მის პირად პრობლემაზე შვეიცარულ ბანკთან და ეს საქართველოს დაუკავშირა.