საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს. მისი მთავარი ადრესატი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია. ამასთან, გოგაშვილი წუხს, რომ სათვალთვალო კამერები, რომლებმაც მისი დაკავების სპეცოპერაცია ასახეს, დაზიანებულია.
სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, რომ თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, რომლის ამსახველი კადრებიც, გოგაშვილის ინფორმაციით, წაშალეს.
„ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და ვახოს მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათა შორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო.
1) როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი ოტომ გააქრო;
2) ბიძინას დავალება - მუხთალის სუსის ზონდერების მიერ გატაცება, რომელიც ასევე ოტომ წაშალა", - წერს სოსო გოგაშვილი.
ყოფილი თანამდებობის პირი შინაგან საქმეთა მინისტრს კაცის წამების დავალების გაცემაში ადანაშაულებს და პირადად მიმართავს: „მე სხვასთან საქმე არ მაქვს, ვახო [ვახტანგ გომელაური], შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი. შენ ადრე გითქვამს, რომ ბრმად შეასრულებდი ნებისმიერ დავალებას, რომელსაც ის მოგცემდა, როგორც მალანიას მონაყოლიდან ვიცი. შენი ფუნქცია, იქამდე სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ. ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000-კაციანი შსს გიჭირავს ხელში. შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის? მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?!“
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. იმ შემთხვევაში თუ შს მინისტრი გამოეხმაურება სოსო გოგაშვილის წერილს, მასალა განახლდება.
აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოდან მისი გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.
გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა" გაასაჯაროვეს ინფორმაცია და ათობით დოკუმენტი, რომელიც ეხება, სავარაუდოდ, სახელმწიფო რესურსების უკანონო გამოყენებით, ფაქტობრივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პარტიის სასარგებლოდ ხმების შეგროვებას. დოკუმენტაცია მათ სოსო გოგაშვილმა გადასცა.