სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახელით საზოგადოებისთვის ახალი მიმართვა ვრცელდება. "ფეისბუკზე" შექმნილ ახალ გვერდზე წერია, რომ გოგაშვილმა თანამდებობიდან წასვლას არჩია სისტემაში დარჩენა და მისი მხილება.
"დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი: სამსახურიდან წამოსვლა; ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა; დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება.
ხვდებით რომ ავირჩიე [მესამე] და ამიტომ ვზივარ აქ. ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას", - წერია სოსო გოგაშვილის სახელით გავრცელებულ ფეისბუკპოსტში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი შვილი, ნინო გოგაშვილიც ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
დაკავებიდან რამდენიმე საათში გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ თქვა, რომ დოკუმენტები, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე უნდა გაესაჯაროებინა, "სანდო ხელში" იყო. გოგაშვილის დოკუმენტებზე დაყრდნობით ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა მოამზადა.
კვლევა, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელითაც 21 ივლისს გასაჯაროვდა, გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის, საჯარო წყაროებით გადამოწმებას ეყრდნობა.
"კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება...
უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.", - ვკითხულობთ კვლევაში.