Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძე ნედ პრაისს წერს, რომ კელი დეგნანი "შერჩევითი დიპლომატიით" არის დაკავებული


დიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე

მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პარტიიდან "სიმართლის თქმის" მოტივით წავიდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ნედ პრაის საქართველოში ელჩთან დაკავშირებით წერს, რომ ის "შერჩევითი დიპლომატიითაა" დაკავებული. მიმართვის ტექსტს ხუნდაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს.

"ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის „შერჩევითი დიპლომატია“, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ „შერჩევით პოლიტიკაზე“, - აღნიშნავს ხუნდაძე.

20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.

ნედ პრაისმა 20 ივლისს თავისი ყოველდღიური ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა და თქვა, რომ საელჩო თბილისში ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უკანასნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი გახდა. ისინი ელჩს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებენ ბრალს.

XS
SM
MD
LG