Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: ხერსონთან, დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი გადამწყვეტი იქნება


სატელიტურ ფოტოზე ჩანს უკრაინის არმიის მიერ ხერსონის ოლქში, რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მასალების საწყობებზე 11 ივლისს განხორციელებული შეტევის შედეგები
სატელიტურ ფოტოზე ჩანს უკრაინის არმიის მიერ ხერსონის ოლქში, რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მასალების საწყობებზე 11 ივლისს განხორციელებული შეტევის შედეგები

რუსეთს დონბასზე შეტევისას ისევ მინიმალური წარმატებები აქვს, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი, პოზიციების დაცვას განაგრძობენ. ასეთია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასება, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ხელისუფლების მიერ 19 ივლისს გავრცელებულ ცნობებზე, რომ უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს მდინარე დნეპრზე არსებულ ანტონოვსკის ხიდზე. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხიდის სავალი ნაწილი დაზიანებულია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ხიდით სარგებლობა სავარაუდოდ, ისევ შესაძლებელია, თუმცა, რუსი სამხედროებისთვის სუსტ ადგილად იქცა. ეს რაიონი ერთ-ერთია დნეპრზე არსებული ორი პუნქტიდან, საიდანაც რუსეთს შეუძლია ჯარის გადაადგილება, ან მისი მომარაგება მდინარიდან დასავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამ ზონაში შედის ქალაქი ხერსონი, რომელსაც, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთისთვის პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამ რაიონში დნეპრის დინება ბუნებრივ ბარიერს ქმნის და დაახლოებით 1000 მეტრის სიგანისაა. ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი იქცევა გადამწყვეტ ფაქტორად რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შედეგისთვის.

ბოლო ხანს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად უტევენ რუსული არმიის პოზიციებს ოკუპირებულ ხერსონის ოლქში. უკრაინელი სამხედროები ამ მიმართულებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც აშშ-ისგან მიიღეს სარაკეტო სისტემები HIMARS-ი.

10 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ბრიტანულ გამოცემა Sunday Times-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების სარდლობას დაავალა რუსი სამხედროებისგან ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიების გათავისუფლების გეგმის შემუშავება და განხორციელება.

12 ივლისს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი სამხედროებს ამოცანას აძლევს, ეს ეხება არა მხოლოდ ხერსონის ოლქს, არამედ მთელი ქვეყნის დეოკუპაციას. დანილოვის თქმით, ყველა ტერიტორია ერთდროულად ვერ გათავისუფლდება, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ამოცანაა აგრესორისგან ყველა ტერიტორიის გათავისუფლება და ეს მხოლოდ დროის და რიგითობის საკითხია.

უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში, რომლებსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს, კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციები ამზადებენ "რეფერენდუმებს" უკრაინის ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად.

XS
SM
MD
LG