Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატო წერეთელი: აუცილებლად უნდა დაკითხოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე


„TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი.
„TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი.

გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა „TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი. მან ჩვენება მისცა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

„პირველ რიგში მაინტერესებდა, მე, რომ შევიტანე პროკურატურაში [საჩივარი] ამის ნიადაგზე ვიყავი მოსული თუ უბრალოდ, როგორც გავიგე დღეს, ანრი ოხანაშვილსაც შეუტანია პროკურატურაში. თუმცა გავარკვიე, რომ გაუერთიანებიათ ეს საქმე და გაერთიანებული საქმის ამარა ვიყავი მოსული. პირველი მე ვიყავი მისული, როგორც ვიცი, ჯერ არც ანრი ოხანაშვილი, არც მგალობლიშვილი, არც ოდიშარია, არც ზარქუა არ დაკითხულან. ჩემთან თანმხლები პირები, ვინც იყვნენ, ჯერ არავინ დაკითხულა. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვუპასუხე. ძალიან ნორმალური ახალგაზრდა გამომძიებელი იყო. დანარჩენი ვნახოთ. მთავარია, პროცედურები. აშშ-ის საელჩომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მიაწოდოს მასალა. ნახოს მთელმა ქვეყანამ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ჯგუფურად, როგორ ანგარიშსწორებას ეწევიან და ძალადობენ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. იყო კითხვა, რომ რას უკავშირებ? ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ეს იყო დაგეგმილი, აშშ-სთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა. და ჩემი შეშინება უნდოდათ. „ქართულ ოცნებას“ თუ მოუვიდოდა ასეთი სიგიჟე - ამერიკის ტერიტორიაზე ჯგუფური თავდასხმა, თორემ ნებისმიერ ადგილას დამხვდებოდნენ და მცემდნენ ისე, რომ ქვეყანას ამ სირცხვილში არ გახვევდნენ", - თქვა წერეთელმა.

ტელეარხის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა დაკითხოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ მიღებას ესწრებოდა. წერეთლის თქმით, როდესაც ინციდენტი მოხდა, შოთაძე ავტომანქანაში ჯდებოდა და სავარაუდოდ, ის შეიძლება იყოს შემსწრე თავდასხმის. „ანრი ოხანაშვილი მისგან ორ მეტრში იდგა და სავარაუდოდ, ეს დაინახა", - დაამატა ვატო წერეთელმა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე [ძალადობა] და 151-ე მუხლებით [მუქარა] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

როგორც პროკურატურა განმარტავს, გამოძიების დაწყებამდე, მას კომუნიკაცია ჰქონდა აშშ-ის საელჩოსთან. „მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის - მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე, 30 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან.

ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის განცხადება, რომელშიც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იმავე დღეს გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

XS
SM
MD
LG