ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში გამოეხმაურა 30 ივნისს საელჩოს ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
„ჩვენ ვსწავლობთ ცნობებს, არ ვიცით, დაიწყო თუ არა უკვე სამართლებრივი პროცედურები, მაგრამ, უდავოდ, ძალადობა დაუშვებელია, კონკრეტულად, როცა ეს მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ ხდება. ასევე შეშფოთებული ვართ რეგიონებში პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ცნობებით, ასევე, შემაშფოთებელია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ძალადობრივი შეზღუდვა. ასევე საწყენია, რომ ჩვენ გუშინ შესანიშნავი დღე გვქონდა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით, ეს იყო ძალიან დადებითი ღონისძიება, სადაც თავმოყრილი იყვნენ ქართველები იმის ხაზგასასმელად, რამდენის გაკეთება შეუძლია საქართველოს, როდესაც ქართველები ერთად მუშაობენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ოდნავ ნაწყენი ვიყავით, რომ ამ ცნობებმა დაჩრდილა, მეორე მხრივ, ძალიან დადებითი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა", - განაცხადა ელჩმა. ის დაესწრო ანიმაციური სერიალის პრეზენტაციას, რომელიც მედიაწიგნიერების ხელშეწყობისკენაა მიმართული.
ელჩი არ შეხებია კადრების გასაჯაროების თემას. ვატო წერეთელმა 30 ივნისს აშშ-ის ელჩს მიმართა და მოუწოდა კადრების გასაჯაროებისკენ.
დაპირისპირებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იმავე დღეს გამოეხმაურა.
„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - განაცხადა საელჩომ.
ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელმა თქვა, მას ხელი დაარტყა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილი წერეთელს პროვოკაციაში ადანაშაულებს.