Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის განმარტებით, ვატო წერეთლის საქმის გამოძიება აშშ-ის საელჩოდან ნოტის მიღების შემდეგ დაიწყო 


ადვოკატი კახა წერეთელი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, „TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი საქართველოს გენერალური პროკურატურის მისაღებში.
ადვოკატი კახა წერეთელი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, „TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი საქართველოს გენერალური პროკურატურის მისაღებში.

ამ წუთებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს „TV პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთლის გამოკითხვა. საქმე ეხება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს - ვატო წერეთელი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

გამოკითხვაზე შესვლამდე ვატო წერეთელმა თქვა: „პროკურატურას ნება აქვს თუ არა, მოუწევს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვერ შემოდებს თაროზე იმიტომ, რომ ეს კარგად უნდა ესმოდეს პროკურატურას, რომ ეს მოხდა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. მივმართავ იმ მოსამართლესაც, რომელსაც დაეწერება [საქმე], დარწმუნებული ვარ კლანის წევრს, რომ ძალიან კარგად იცით ყველაფერი როგორ ხდება და როგორ აკეთებთ, მაგრამ ეს მოხდა ამერიკის ტერიტორიაზე, ამიტომ ფრთხილად იყავით".

როგორც პროკურატურა აცხადებს, მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე [ძალადობა] და 151-ე მუხლებით [მუქარა] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

როგორც პროკურატურა განმარტავს, გამოძიების დაწყებამდე, მას კომუნიკაცია ჰქონდა აშშ-ის საელჩოსთან. „მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის - მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე, 30 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან.

ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის განცხადება, რომელშიც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიუთითებს ვახტანგ წერეთლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე.

საქმეზე ასევე შემოსულია საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილის შეტყობინება, რომელშიც მის მიმართ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ვინაიდან, ყველა ფაქტი უკავშირდება 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მათ შეისწავლიან მოცემული სისხლის სამართლის საქმეში.

გენერალური პროკურატურა მზადყოფნას გამოვთქვამს, რომ სრულად ითანამშრომლოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 30 ივნისს, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იმავე დღეს გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

XS
SM
MD
LG