Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფლავის ქვა წარწერის გარეშე - როგორ მივაგნოთ გურამ რჩეულიშვილის სამარეს


გურამ რჩეულიშვილის საფლავი
გურამ რჩეულიშვილის საფლავი

გურამ რჩეულიშვილის საფლავის ქვაზე წარწერა იმდენად გაცვდა, რომ აღარ იკითხება. ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული ქართველი მწერლის საფლავს უცხო ვერ მიაგნებს. როგორ მოხდა ასე?

გურამი დამხრჩვალაო, - სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს..., ეს ფრაზა მურმან ლებანიძის ლექსიდანაა. 1960 წლის აგვისტოში თბილისში ხმა გავარდა, გურამ რჩეულიშვილი გაგრაში დაიხრჩოო. სხვის გადასარჩენად ადიდებულ ზღვაში შესული 26 წლის ბიჭი, ნაპირზე ვეღარ გამოვიდა.

ნელი ტანგოა ეს ქვეყანა, გურამ!
ხომ არ იცეკვებო, - ათასჯერ მორიდებით მკითხეს!...
აბასთუმანში, ჭიქა არაყზე,
გურამი დამხრჩვალაო“, -
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს...
აწ გვაგონდები
ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,
ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი
გურამ
შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი -
შენს კისერს უგავს
კისერი - მშვილდი!
(მურმან ლებანიძე)

ცხენზე ამხედრებული მხედარი, ხელში გრაგნილით - ეს იყო გამოსახული საფლავის ქვაზე, რომელიც მოქანდაკე გოგი ოჩიაურმა დაამზადა. ქვაზე, რომელიც მარმარილო არაა, ასევე ეწერა გურამის სახელი და გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების წლები, დატანილი იყო ორნამენტები. დღეს ამ მოხატულობისგან არაფერია დარჩენილი, დრომ წაშალა ასოებიც.

გურამ რჩეულიშვილის საფლავი
გურამ რჩეულიშვილის საფლავი

„გურამი და ბიძაჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. ერთად შეესწრნენ იმ ამბავს, რომელიც გურამმა თავის მოთხრობაში - „სიკვდილი მთებში“ - აღწერა. რომ გარდაიცვალა, ქვაც მან გაუკეთა... მაშინ 26 წლის ბიჭს მთაწმინდაზე ვინ დაკრძალავდა. თან საბჭოთა ხელისუფლებისთვის არაფერი ჰქონდა გაკეთებული“, - იხსენებს ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური, გოგი ოჩიაურის ძმისშვილი.

გურამ რჩეულიშვილი ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს, თუთის ხის ქვეშ.

„ვიცოდი, რომ გეიდარი [გეიდარ ფალავანდიშვილი - ქართველი ინჟინერი და მსახიობი - ..] გურამის დის ქმარი იყო და გურამის საფლავიც აქვე უნდა მეძებნა. შუაში არის გურამის მშობლების საფლავები და კიდეში თავად გურამ რჩეულიშვილის, - პოეტი და დრამატურგი ნინია სადღობელაშვილი რჩეულიშვილის საფლავს თუთის ხით და გეიდარ ფალავანდიშვილის საფლავის დახმარებით აგნებს, - რაც უფრო დრო გავა, მით უფრო სავალალო სიტუაცია იქნება და ყურადღება დროულად უნდა მივაქციოთ, რომ მომავლის მკითხველს საფლავის მიგნება არ გაუჭირდეს. მიზიდულობის ძალა აქვს ამ ადგილს, ისევე როგორც მის შემოქმედებას და მას, როგორც ლეგენდას, აქვს მიზიდულობის ძალა დღემდე. გურამის შემოქმედებამ ჩემი ბავშვობა გადაარჩინა. 90-იან წლებში მისი წიგნებით გავედი ფონს იმ დიდი ზამთრიდან“.

გურამის გულშემატკივრები 23 აგვისტოს, გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალების დღეს მის საფლავზე შეკრებას აპირებენ. უნდათ, მოილაპარაკონ, როგორ უშველონ „გამქრალ“ საფლავის ქვას.

„2024 წელი გურამ რჩეულიშვილის საიუბილეო წელია [90 წლის გახდებოდა - ..], გვინდა ამ დროისთვის მასშტაბური ღონისძიებები დავგეგმოთ. იქნებ, საფლავის მოპირკეთებაც მოხერხდეს. რაღაცნაირად უხერხულია, რომ ასეთი დიდი შემოქმედის საფლავი ასე გამოიყურება“.

იმის გამო, რომ გურამ რჩეულიშვილი პანთეონში არ არის დაკრძალული, მისი საფლავის მოვლა-პატრონობა ოჯახზეა.

ჩვენ გვინდოდა ქვაზე ზემოდან დამაგრებულიყო რკინა, რომელზეც გოგი ოჩიაურის დახატული სიუჟეტი აისახებოდა. ეს შესაძლებელია, რადგან საფლავზე იგივე ნახატია, რაც გურამის წიგნის გარეკანზე. ფინანსური პრობლემებიც იყო... ძალიან გვინდა რამდენი ხანია, მაგრამ ვერ მოვაბით თავი“, - ამბობს მარინე რჩეულიშვილი.

გურამ რჩეულიშვილი
გურამ რჩეულიშვილი

ქვა, რომელიც დღემდე დევს რჩეულიშვილის საფლავზე, დროსა და ისტორიასთან ერთად უკვე ძეგლად იქცა, ამიტომ მისი განახლება ფაქიზი პროცესია. ლიტერატორი გია არგანაშვილიც ფიქრობს, რომ შესაძლებელია ორნამენტების გამოსაკვეთად საფლავის ქვა სპეციალური ხსნარებით დამუშავდეს, შემდეგ კი ოჯახთან შეთანხმებით მოხატულობა გაახლდეს. ფინანსების მოსაძიებლად შესაძლოა თბილისის მერიას ან კულტურის სამინისტროს მიმართონ. გია არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ის ქვა, რომელიც დღემდე დევს რჩეულიშვილის საფლავზე, თავისთავად უკვე ძეგლია, აქვს თავისი ისტორია და უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ კარგი იქნება დიზაინის თვალსაზრისით, საფლავს კიდევ რამე თუ დაემატება.

რამდენი წერილი მაქვს დაწერილი გურამზე და ჯერ კიდევ არაფერი მითქვამს. ძალიან ღრმა მწერალია, მომავლის მწერალი. გურამის ბიოგრაფიამ [მისმა თავგადასავლებმა, ქარიზმამ] გურამის შემოქმედებას ცუდი საქმე გაუკეთა. დროა, მკითხველმა გურამის ბიოგრაფია დაივიწყოს და მის შემოქმედებას მიხედოს“, - გია არგანაშვილი ამბობს, რომ მომავალში გურამ რჩეულიშვილს პროზას მკითხველები მხოლოდ მოემატება და ამიტომ აუცილებელია, მსურველებს მისი საფლავის მიგნება შეეძლოთ, - „სამთაწმინდე მწერალია გურამი, მაგრამ აქ მოვუწყოთ მთაწმინდა, უფრო ახლოც არის“...

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG