ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას, სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თენგიზ გენძეხაძის თქმით მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი აისახება ანაზღაურებაზე.
„ის შემთხვევები რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“-აცხადებს თენგიზ გენძეხაძე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თანახმად „შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას“
გაბუნიას განმარტები, სიმპტომები რომელიც ახასიათებს კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის მიმდინარეობას არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა. მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე.
გასულ კვირასთან შედარებით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში. 10-17 ივლისის პერიოდში დადასტურდა 7812 ახალი შემთხვევა. ოფიციალურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში, ვირუსი დაუდასტურდა 5154 ადამიანს, წინა კვირაში - 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კი - 2570 ადამიანს.
ბოლო ერთ კვირაში 72 073 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 7 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 4764.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 675 965 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 854 ადამიანი.