Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" დატოვეს ლაგოდეხის და ჭიათურის საკრებულოების წევრებმა


"ქართული ოცნებიდან" წასული სამი დეპუტატის მსგავსად, პარტიას ტოვებენ საკრებულოს წევრები ჭიათურიდან და ლაგოდეხიდან. პარტიის რიგებიდან წასვლის შესახებ მათი მოტივაცია მსგავსია პარლამენტარების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის მოტივაციისა. ნიკა სამხარაძე ჭიათურის საკრებულოდან და გიორგი ღამბაშიძე ლაგოდეხის საკრებულოდან ამბობენ, რომ პარტიიდან მიდიან იმისთვის, რათა უფრო თავისუფლად ილაპარაკონ მნიშვნელოვან თემებზე. მათ პარტიის დატოვების განცხადებაშივე გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და საქართველოს დასავლელი პარტნიორები.

"ჩემი ქართული ოცნება ერთიანი, თავისუფალი და ამაყი, ევროპული ოჯახის წევრი საქართველოა, რომელსაც არ ეყოლება მითითების და დირექტივის გარედან მიმცემი, რომელსაც არ ეყოლება მჩაგვრელი, - დაბრუნებული ექნება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყანა, სადაც დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ქვეყანა, რომელსაც ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შტატებიდან დაწყებული, დამთავრებული დასავლური სამყაროს ყველაზე პატარა სახელმწიფოთი.

ამ ჩემს ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია. რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით - აქ არაფერი არ მომხდარა?

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება საბჭოთა, რუსულ წარსულში და არასდროს შეეგუება, სიტუაციას, სადაც ცეკას მდივნები თუ ინსტრუქტორები, რუსეთიდან იძლეოდნენ დავალებებს. ოკუპაციის და ათასი უბედურების, ორასწლიანი ჩაგვრის გარდა, ამ დირექტივების გამოც არ უყვართ რუსეთი ამ ქვეყანაში.

ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ...!!!" - ასე ახსნა პარტიიდან წასვლა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ. ის რჩება საკრებულოს წევრად და კელი დეგნანს სთხოვს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რომელიც პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილის წერილში იყო.

გიორგი ღამბაშიძე ლაგოდეხის საკრებულოს წევრია 2017 წლიდან. ის საჯარო სამსახურში მუშაობდა წინა ხელისუფლების დროსაც - 2004 წელს იყო კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, კახეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ჯანდაცვის სამინისტროში. პარტიის დატოვების შესახებ დაწერილ პოსტში ფეისბუქზე, ღამბაშიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქვეყნის მტრებად" მოიხსენია.

"თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს - მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების - ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა.

და ბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე ქართული ოცნების გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ!" - დაწერა ღამბაშიძემ 11 ივლისს.

"ვთვლი, რომ ამ ხალხს [ხუდაძე, სუბარი, ყავლაშვილი] ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის.

იმედია არ მიწყენენ.

ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ" - ასე გააცნო თავისი გადაწყვეტილება საზოგადოებას პარტიის დატოვების შესახებ ჭიათურის საკრებულოს წევრმა, ნიკა სამხარაძემ. ის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. საკრებულოს წევრობამდე იყო დეზინფექტორი ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრში.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს საყვედურის შინაარსით წერილი 8 ივლისს მისწერა. წერილში ის აღნიშნავდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მიხეილ ყაველაშვილის წერილი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ელჩმა დეგნანმა ამ წერილზე თქვა, რომ "სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით" და ბოლომდე მისი წაკითხვაც კი ვერ შეძლო.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG