Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბოლოს ხონში ნახეს, ბარმენს ინგლისურად ელაპარაკა“ - პოლიცია გაუჩინარებულ გოგოს ეძებს


მეექვსე დღეა ოჯახი და პოლიცია 22 წლის ლიკა გიორგობიანს ეძებს. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიპში, 30 ივნისს, დილის ათის ნახევრისკენ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

რადიო თავისუფლება ლიკას დედას, ხათუნა გიორგობიანს ელაპარაკა. დედა ყვება, რომ სახლიდან გასვლის წინ, ლიკამ ძმას დაუბარა ნაგვის გადასაყრელად მივდივარო. თუმცა, მოგვიანებით, სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში, თანასოფლელებმა ის ზურგზე ჩანთამოკიდებული ნახეს:

„როგორც მითხრეს, თითქოს იმალებოდა, არ უნდოდა, რომ ვინმეს დაენახა. სოფელში ყველა იცნობს ჩემ შვილებს. თითქოს სახეზე ხელს იფარებდაო, ასე მითხრა იმ ადამიანმა, ვინც ლიკა დაინახა. ძმას დაუმალა სად მიდიოდა, რადგან, როცა ჩემმა ბიჭმა სახლიდან გასვლის წინ ჰკითხა, სად მიდიხარო, სახლის ფორმაში იყო, არც ჩანთა ჰქონდა თან“, - გვიყვება ხათუნა გიორგობიანი.

ლიკა გიორგობიანის კვალი ხონში იკარგება, სადაც მან პირველ ივლისს, სასტუმროში გაათენა ღამე, მომდევნო დღეს კი იქვე, ერთ-ერთი საკვები ობიექტის თანამშრომლებს უცხო ენაზე ელაპარაკა:

„ყავა დალია და მიმტანს ინგლისურად ელაპარაკა. ძალიან კარგად ფლობს უცხო ენას. როგორც მიმტანი ამბობს, ის ვერ მიხვდა, რომ ლიკა ქართველი იყო. დაზუსტებით ვიცით, რომ ლიკა ხონში იყო, ამის შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა. ბევრი ადამიანი გვეხმაურება, თითქოს იქ ნახეს, თითქოს აქ ნახეს, მაგრამ საბოლოოდ ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ანუ ლიკას კვალი პირველი ივლისის შემდეგ უკვე გაუჩინარებულია“, - გვეუბნება ხათუნა გიორგობიანი.

ლიკა გვიშტიპში 21 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობს. მშობლები წლებია ემიგრაციაში, საბერძნეთში იმყოფებიან. ისინი საქართველოში 3 ივლისს ჩამოვიდნენ:

„ლიკას გაუჩინარების შესახებ მე იმავე დღეს, ხუთშაბათს გავიგე. ვიფიქრე, შეიძლება, რამეზე გაიბუტა და ერთ-ორ საათში გამოჩნდება-მეთქი. არ გამიხმაურებია ამბავი. მაგრამ იმ ღამეს რომ აღარ გამოჩნდა, მეორე დღეს უკვე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე მისი ფოტო და ხალხს დახმარება ვთხოვე. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ უკვე პოლიცია მოვიდა. ჩვენ თავად არ დაგვირეკავს 112-ში. აი, ახლაც დაურეკეს ჩემ ქმარს პოლიციიდან, უთხრეს, რომ სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მას მერე ყოველ დღე ვაქვეყნებ სოციალურ ქსელში პოსტებს. იქნებ ნახულობს ჩემს პოსტებს ლიკა. იქნებ წაიკითხოს და დაბრუნდეს სახლში. იმის იმედიც მაქვს, რომ იქნებ ისეთმა ადამიანებმა ნახონ ჩემი პოსტები, ვინც ლიკას გადაეყრება სადმე“, - ამბობს ხათუნა გიორგობიანი.

როგორც ლიკას დედა გვეუბნება, ის შვილებს საბერძნეთიდან ყოველ დღე ელაპრაკებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, შვილისთვის უცნაური არაფერი შეუნიშნავს:

„ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით. ბოლო რვა თვე თბილისში ცხოვრობდნენ, ლექციების ნაწილი ონლაინ ჰქონდა, ნაწილს უნივერსიტეტში ესწრებოდა. შემდეგ ჩვენც აქ საბერძნეთში გარკვეული ფინანსური პრობლემები შეგვექმნა და ვუთხარი, ზაფხულის პერიოდში, სოფელში დაბრუნდით-მეთქი და სექტემბრიდან კვლავ ვაპირებდით ბინის დაქირავებას. ორი-სამი კვირაა სოფელში გადმოვიდნენ. ახლა გამოცდების პერიოდია და როგორც ლიკა მეუბნებოდა, გამოცდებს ონლაინ აბარებდა. სტომატოლოგიურზე სწავლობს. როგორც მიყვებოდა, მუშაობდა სხვადასხვა კლინიკაში, ღამის ცვლაში, ოღონდ ეს კორონამდე. ამას ის თვითონ მეუბნებოდა, მე ამის გადამოწმების საშუალება არ მქონდა. პანდემიის პერიოდში, თითქმის ორი წელი სოფელში იყვნენ, რადგან ლექციები ონლაინ ჰქონდა".

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტში სწავლება უკვე წელიწადნახევარია ონლაინ-რეჟიმით აღარ მიმდინარეობს. სწავლება და შესაბამისად, გამოცდების ჩაბარებაც სამედიცინო პროტოკოლებისა და რეკომენდაციების დაცვით, მხოლოდ დასწრებული ფორმატით გრძელდება.

ლიკას დედისთვის შვილის გაუჩინარების მიზეზები უცნობია:

"მის გაუჩინარებას ვერაფერს ვუკავშირებ. ჩემი ინფორმაციით, არ ჰყავდა არც შეყვარებული, რომ მასთან ერთად წასულიყო სადმე. მართლა ვერ ვხვდები, სად და რატომ შეიძლება წასულიყო. ჩემი ბიჭიც ვერაფერს უკავშირებს მის გაუჩინარებას. ამბობს, რომ არც მას შეუმჩნევია დისთვის რაიმე უცნაური. არ ვიცი, ვინმეა ამ საქმეში ჩარეული, არ არის ჩარეული, არაფერი ვიცი. ჩემთვის არაფერი უთქვამს. ფაქტია, რომ რაღაც უჭირდა და არ უთქვამს, მე არ გამაგებინა“.

როგოც ხათუნა გიორგობიანი გვეუბნება, მის შვილს თან არ წაუღია ტელეფონი. სავარაუდოა, თან არ ჰქონდეს პირადობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი:

„ტელეფონი სახლში დატოვა. პოლიციას აქვს წაღებული მისი ტელეფონი. რაც შეეხება დოკუმენტებს, პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული. რამდენიმე კვირის წინ მითხრა, პასპორტი დავკარგეო. მგონია, რომ ლიკას სხვა ტელეფონი არ ჰქონდა. ფაქტი ისაა, რომ ამ დღეებში ლიკა არც სოციალურ ქსელებში არ შემოსულა“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. უწყების პრეს-სამსახურში გვეუბნებიან, რომ ლიკა გიორგობიანის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG