საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც ნაწილობრივ გამართლდა „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და დევნის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი - ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი. პროკურატურა აცხადებს, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საქმის დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსია ასეთია: „2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები - ა.ა., გ.ე. და გ.ო. ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე, მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი".
როგორც პროკურატურა აცხადებს, სამივე პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). მათ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ყველა ბრალდებული სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად) და სასჯელის სახედ თითოეულ მათგანს მიესაჯა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნაწილი, 10000 ლარი, ბრალდებულებს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით ჩაეთვალათ მოხდილად და საბოლოოდ ჯარიმა 5000 ლარი განესაზღვრათ.
ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სამივე ბრალდებული სასამართლომ განაჩენის გამოცხადებამდე, 2021 წლის დეკემბერში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პატიმრობიდან.
ოძელაშვილი, ალაზოვი და ელიზბარაშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნისა და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ბრალდებით, 2021 წლის 8 ივლისს დააკავეს. სასამართლომ მათ პატიმრობა 10 ივლისს შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას ითხოვდნენ პირველივე სასამართლო სხდომაზე.
"თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულთაგან ერთი, გიორგი ელიზბარაშვილი, გურჯაანიდან იყო ჩამოსული 5 ივლისს თბილისში ძალადობრივ აქციაში მონაწილეობისთვის. ის საშუალო განათლების მქონე უმუშევარია. მეორე, ალიკა ალაზოვი, ასევე უმუშევარია, არასრული საშუალო განათლებით. მას ძალადობის ფაქტი წარსულშიც აქვს ჩადენილი. მესამე ბრალდებული, გიორგი ოძელაშვილი დედაქალაქის მერიას დაქვემდებარებული უწყების, "თბილსერვისის" თანამშრომელია.