თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე “თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრაში ბრალდებულები, გიორგი ოძელაშვილი, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი, 5 000-5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 22 დეკემბერს მიიღო.
ოძელაშვილი, ალაზოვი და ელისბარაშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნისა და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ბრალდებით 8 ივლისს დააკავეს. სასამართლომ მათ პატიმრობა 10 ივლისს შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას ითხოვდნენ პირველივე სასამართლო სხდომაზე.
"თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულთაგან ერთი, გიორგი ელისბარაშვილი, გურჯაანიდან იყო ჩამოსული 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივ აქციაში მონაწილეობისთვის. ის საშუალო განათლების მქონე უმუშევარია. მეორე, ალიკა ალაზოვი, ასევე უმუშევარია, არასრული საშუალო განათლებით. მას ძალადობის ფაქტი წარსულშიც აქვს ჩადენილი. მესამე ბრალდებული, გიორგი ოძელაშვილი მერიას დაქვემდებარებული უწყების, "თბილსერვისის" თანამშრომელია.
"თბილისის პრაიდის" ოფისს 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომელთა რაოდენობა 3-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც იძალადეს ჟურნალისტებზე და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი. გამოძიება ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს სწავლობს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობაზე არ საუბრობს.
5 ივლისს, ძალადობრივი ფაქტების შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი, რომელთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.
5 ივლისის ძალადობრივ თავდასხმებში მონაწილე ჯგუფის, "ალტ-ინფოს" წევრებმა პოლიტიკური პარტია დააარსეს. ამ პოლიტიკურ ძალას სწორება „რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე“ აქვს.