Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ "კეთილი ნების" ნიშნად დატოვა უკრაინის კუნძული ზმეინი


ფოტო არქივიდან: კუნძული ზმეინი
ფოტო არქივიდან: კუნძული ზმეინი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გამოაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის კუნძულ ზმეინიზე „დაასრულეს დასახული ამოცანების შესრულება“ და იქ მყოფმა გარნიზონმა კუნძული დატოვა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა ამას უწოდა „კეთილი ნების ნაბიჯი“, რომლითაც „მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენეს, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ უშლის გაეროს ძალისხმევას, უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებისთვის“.

ბოლო ხანს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზმეინიზე იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების პოზიციებზე, მათ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და სხვა ტექნიკაზე. 22 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ შეიარაღებული ძალების ოპერაცია გაგრძელდებოდა ზმეინის გათავისუფლებამდე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ დღეს, 30 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში ჩატარდა ოპერაციის კიდევ ერთი წარმატებული ეტაპი, რომლის შედეგად, მოწინააღმდეგემ ორი კატერით, "სასწრაფოდ განახორციელა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია". სარდლობის ცნობითვე, კუნძული ზმეინი მოცულია ხანძრით და აფეთქებების ხმა ისმის.

რუსეთის სამხედრო ძალებმა შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი, რომელიც ოდესის ოლქში შედის, უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს.

XS
SM
MD
LG