ძველი კორეა, შუა საუკუნეები. მთავარსარდალი იმპერატორის სასახლიდან გამოდის და დაცვას მითითებას აძლევს. დიახ, სერ! - უპასუხებს დაცვა. დრამატიზმი, რომლის შექმნასაც რეჟისორი რამდენიმე სერიის განმავლობაში ცდილობდა, წამში ირღვევა. სად „სერ“ და სად ძველი კორეა? თან ეს უბრალო წამოცდენა არ იყო, დანარჩენ სერიებშიც ერთმანეთს სულ „სერ“-ით მიმართავენ.
„ინგლისური ტექსტიდან თარგმნა და ეგ იყო“, - ამბობს დრამატურგი დავით გაბუნია. მისი თქმით, ფილმის მთარგმნელებს ასე ხშირად ემართებათ - „ჰგონიათ, თარგმნა ყველას შეუძლია, ამას ცოდნა უნდა, წლები ვსწავლობდით“.
დაწერილი ტექსტი არა აქვთ, რადგან ფილმი ლეგალურად არ არის ნაყიდი. ჩემთვისაც შემოუთავაზებიათ, ტექსტი არ გვაქვს და თუ თარგმნიო. ჩემი ისტერიკული რეაქცია რომ დაინახეს, გაუკვირდათდავით გაბუნია
ანა ტომსომონსკაია ფილმების მთარგმნელად ორ კომპანიაში მუშაობდა. კი აინტერესებდა ეს საქმე, მაგრამ ძალიან ცოტას უხდიდნენ, ერთი ფილმის თარგმანში, რასაც 7-8 საათი სჭირდება, საშუალოდ 20 ლარს. თუ რომელიმე გახმაურებული სერიალის მორიგი სერია გამოვიდოდა, მაყურებელს ფილმი მალევე რომ ენახა, თარგმნას დილის 5 საათიდან იწყებდნენ. ხანდახან ორი კაცი ერთად თარგმნიდა. რედაქტორი არ ჰყავდათ, გამზადებულ ტექსტს თავადვე გადაავლებდნენ თვალს და მაშინვე გასახმოვანებლად აძლევდნენ. ანა ამბობს, რომ პირველ კომპანიაში, რომელიც შედარებით მცირე მასშტაბის იყო, მთარგმნელები დღეში სამ ფილმს თუ ამზადებდნენ, მეორეში კი - ათს მაინც.
„როდესაც ისეთ საქმეს აკეთებ, რომელიც საკმაოდ შრომატევადია და ამაში შესაბამის ანაზღაურებას არ იღებ, აღარ გაქვს იმის სურვილი, ის სათანადოდ შეასრულო. გახმოვანებითაც, ისეთი ადამიანები ახმოვანებენ, ამ საქმესთან არაფერ შუაში რომ არ არიან. ერთ კომპანიაში კარგი გამხმოვანებლები ჰყავდათ, მსახიობები იყვნენ, მაგრამ მეორეგან არ ჰყავდათ [კომპეტენტური] ხალხი და ესეც მოქმედებს ხარისხზე“, - ამბობს ანა ტომსომონსკაია.
ელენე 13 წლისაა, თანატოლების მსგავსად ფილმებს ძირითადად ქართულად უყურებს, რადგან ინგლისური ჯერ კარგად არ იცის, რუსული - მით უფრო.
„ინგლისურად რა ფილმებიც მინახავს, მერე ისინი ქართულად გახმოვანებული რომ ვნახე, სულ სხვა რაღაცებს ლაპარაკობდნენ“, - ამბობს ელენე და ჰყვება, რომ ქართულად გახმოვანებულ ფილმებს კიდევ ერთი პრობლემა აქვს, გამხმოვანებლის ხმა და პერსონაჟის ემოციები ერთმანეთს არ ემთხვევა, - „აი, ის რომ ტიროდეს და ეს არა, დაახლოებით ასეთი რამეა“.
დავით გაბუნია ჰყვება, რომ ხანდახან მთარგმნელი მხოლოდ სმენით თარგმნის, რადგან არ აქვს ტექსტი, რომელიც ფილმის მწარმოებელი კომპანიისგან უნდა მიიღოს. „დაწერილი ტექსტი არა აქვთ, რადგან ფილმი ლეგალურად არ არის ნაყიდი. ჩემთვისაც შემოუთავაზებიათ, ტექსტი არ გვაქვს და თუ თარგმნიო. ჩემი ისტერიკული რეაქცია რომ დაინახეს, გაუკვირდათ“, - ამბობს დრამატურგი და განმარტავს, რატომ არის ტექსტი ასეთი აუცილებელი, - „ისეთ გავრცელებულ ენას, როგორიც ინგლისურია, ბევრი სხვადასხვა დიალექტი აქვს და ყველა სიტყვა არავინ იცის. მერე ათასგვარი ნიუანსია, ვიღაც ცხვირში ლაპარაკობს, ვიღაც ბურდღუნებს, ვიღაც სასოწარკვეთილი ღრიალებს... ამის გამო ძალიან ბევრი კურიოზი ხდება, ერთგან ინგლისური დიალექტით ნათქვამი „ტომარა“ გაიგეს, როგორც „სექსი“ და იმის მაგივრად, რომ ეთქვათ „სამი კაცი ტომრებში“, თარგმნეს „სამი სექსით დაკავებული კაცი“. იმ ფილმში სამი კაცი კი არა, საერთოდ არავინ იყო სექსით დაკავებული, მაგრამ მთარგმნელი მაინც ვერაფერს მიხვდა“.
მაშინაც კი, როდესაც თარგმანი შინაარსობრივად სწორია, ის შეიძლება კომიკურობამდე გაუმართავი იყოს ან ქართული სასაუბრო ენისთვის უცხო, ამის საილუსტრაციოდ ყბადაღებული „ეშმაკმა დალახვროს“ გახსენებაც კმარა ან იმ სერიალების, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთს „ძვირფასოთი“ მიმართავენ.
„მე „ეშმაკმა დალახვროს“ არასდროს გამომიყენებია თარგმანში, რადგან მართლა ძალიან უცნაურად ჟღერს. მაგრამ ხშირად ითხოვდნენ, რომ ზუსტად, სიტყვასიტყვით გვეთარგმნა. ასეთი თარგმანი ლამაზი არ გამოდის, მაგრამ რასაც გთხოვენ, ის უნდა გააკეთო და ალბათ ამიტომაც არ გვივარგა ქართულად გახმოვანებული ფილმები“, - ამბობს ანა ტომსომონსკაია.
„ეშმაკმა დალახვროზე“ არანაკლები შეუსაბამობაა, როდესაც ისტორიული ფილმების თარგმანისას ისეთ სიტყვებს იყენებენ, რომლებიც იმ ეპოქაში საერთოდ არ არსებობდა. მაგალითად, როცა ფილმში მოქმედება ელინურ ეპოქაში ხდება, პერსონაჟები ასეთი სიტყვებით ლაპარაკობენ: „კომპეტენტური“, „ეტაპობრივი“, „ტოტალური“...
„ასეთ სიტყვებს თანამედროვე ქართულ ტექსტშიც არ იტყვი, თუ შენი პერსონაჟი ან პოლიტიკოსი არ არის, ან ჟურნალისტი. ან როცა ამბობ „მან თავის ხელს შეხედა“, იმის მაგივრად რომ თქვა „ხელზე დაიხედა“... კიდევ ყველაზე გამაღიზიანებელი ის არის, რომ კონტექსტი არ იციან. მაგალითად, ქართველი რომ იტყვის „შენც ახლა მომინდომე მთაწმინდაზე დამარხვა“, მთარგმნელმა უნდა იცოდეს, რა არის მთაწმინდა. ასეთი რაღაცები არ იციან“, - ამბობს დავით გაბუნია.
მას მიაჩნია, რომ ზოგადად სჯობს, ფილმი გახმოვანების გარეშე, მხოლოდ სუბტიტრებით ითარგმნოს. მისი აზრით, ეს უფრო ადვილიცაა და ეფექტურიც.
„ვინც კითხვას მიჩვეული არ არის, თავიდან შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ მიჩვევის ამბავია“, - ამბობს ის და ჰყვება, თუ რა უპირატესობა აქვს ტიტრებს დუბლირებასთან შედარებით. როდესაც ფილმს ლეგალურად ყიდულობ, ფილმის გამოსახულება, საუბრის ხმა და ფონური ხმები ცალ-ცალკე ჩანაწერის სახით მოდის. ამ დროს თარგმანს მხოლოდ საუბარს ადებენ და არა ყველა იმ ხმას, რომელიც ფილმშია. მაგრამ ქართულ ბაზარზე ფილმები ძირითადად პირატულია, ამიტომ მის გასახმოვანებლად ხმას მთლიანად ადაბლებენ. ამიტომ, როდესაც ფილმს უყურებ, იქ უკვე აღარ ისმის წვიმის შხაპუნი, ჭრიჭინების ჭრიჭინი ან ქუჩის ხმაური, მხოლოდ პერსონაჟების რეპლიკები, რომლებიც ცუდი ქართულით ლაპარაკობენ.
„საბჭოთა კავშირში ყველაფერი დუბლირებით კეთდებოდა და მაყურებელი სუბტიტრებს შეჩვეული არ არის. ასევე ხდება გერმანიაშიც, მაგრამ, მაგალითად, შვედეთში, დუბლირებას მხოლოდ ძალიან პატარა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ფილმებს უკეთებენ. ყველაფერი დანარჩენი, იქნება ეს მხატვრული თუ დოკუმენტური კინო, ტიტრებით გადის“, - ამბობს დავით გაბუნია. მისი თქმით, როდესაც ფილმი დუბლირებული არ არის, მაყურებელს საშუალება აქვს, მსახიობის ემოციები, ტემბრი, ლაპარაკის მანერა სრულფასოვნად აღიქვას, - „რა თქმა უნდა, უკეთესია, როცა რობერტ დე ნიროს ხმის ნაცვლად ვიღაცის „საოცარი“ ხმა არ გესმის და არც მისი ყალბი ემოცია გაწუხებს. მსახიობის ხელოვნების ნახევარზე მეტი არის ხმა“.