თბილისში, ბაგებში, Silk Road Group-ის თანადამაარსებელი, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. იგი 53 წლის იყო.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მას მანქანაში, სავარაუდოდ, 20 ტყვია ესროლეს.
დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ლევან კაჭარავამ 1995–1996 წლებში დააფუძნა კომპანია „Silk Road Group“-ი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. იმავე წლებში „Silk Road Group"-მა გააფართოვა თავისი ბიზნესარეალი და დააფუძნა ბანკი.
2006 წლიდან კაჭარავა გამოეყო „Silk Road Group"-ს და დააარსა კომპანიების ჯგუფი „MULTIPLEX“-ი, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.
სხვადასხვა დროს იყო როგორც ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" (2012 წელს), ისე "ქართული ოცნების" შემომწირველი (2017 წელს).
საჯარო რეესტრის მიხედვით, ლევან კაჭარავა წილებს ფლობდა 20-მდე კომპანიაში. ასევე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს ანგარიშის მიხედვით, 2008 წელს თბილისის წყალმომარაგების კომპანიის, „თბილისის წყლის“ (დღეს "Georgian Water and Powers"-ი (GWP)) გაუმჭვირვალე პრივატიზების პროცესის ერთ-ერთი ფიგურანტიც იყო.