მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამართალდამცავებს არ აქვთ მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე "კონსერვატიული მოძრაობის", იგივე "ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს დააკავებდნენ. მან პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე საუბრის დროს თქვა, რომ "არავის ეხალისება არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა".
"რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯას... იმ სტანდარტით რომ წავყვეთ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე, მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციიდან იქნება ნახევარი ოპოზიციური სპექტრი დასაჭერი...
იცით, სისხლის სამართლის სტანდარტი რა არის და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია - არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი - უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ძალადობასთან", - თქვა კობახიძემ.
გასული წლის 5 ივლისს, იმ დღეს, როცა თბილისის ცენტრში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ქუჩაში სიძულვილის ჯგუფები "ალტ-ინფოს" ლიდერებისა და სასულიერო პირების მოწოდებით გამოვიდნენ. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი, თუმცა არცერთი ორგანიზატორი.
ახლა, როცა საქართველოს 6-თვიანი ვადა აქვს იმ 12 მოთხოვნის შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა აქტუალურია. ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ამას ითვალისწინებს.