საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა და მხოლოდ პერსპექტივა დაუტოვა იმისა, რომ სტატუსს მისცემს კონკრეტული ამოცანების შესრულების შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის საქართველოს გამარჯვება და დასავლეთის მხრიდან ქვეყნის მთავრობის 10-წლიანი მუშაობის დადებითად შეფასება.
"გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს იყო დამსახურებული მიღწევა, ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა დამსახურებულად. თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა, ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი პრინციპულობის, ბრძოლის, შრომის და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის აღიარებაც.
ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, რეალურად, ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და მე ვულოცავ ქართველ ხალხს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 ივნისს.
პრემიერმა მიულოცა უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსის მიღება და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ შეასრულოს სტატუსის მისაღებად საჭირო ამოცანები.
"კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვაძლევს მოტივაციას, შევასრულოთ ყველა ის პირობა და პრიორიტეტი, რაც შეიძლება მოკლე დროში. ჩვენ ამისთვის ვართ მზად, ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რაც შეიძლება დროზე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე.
მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამი იყო, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.