Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედი მაქვს, 6 თვეში საქართველოს კანდიდატობას ვიზეიმებთ - კრამონი


ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი
ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა და პირობები მიეცა კანდიდატის სტატუსისთვის.

ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც იზეიმებენ.

"იმედი მაქვს, 6 თვეში ასევე ვიზეიმებთ საქართველოს კანდიდატობას. ამისთვის საქართველოს მთავრობამ მუშაობა უნდა დაიწყოს, ევროკავშირის ინსტრუქციები კრისტალურად ცხადია, „ქართულო ოცნებავ“, ბურთი თქვენს მოედანზეა", - წერს კრამონი ტვიტერზე.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე.

მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამი იყო, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

XS
SM
MD
LG