Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი: ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს


ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

"ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია." - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე.

ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით დღეს 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მსჯელობდა.



17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამი იყო, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

2021 წლის მაისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში მოაწერეს ხელი მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ძალისხმევის გაერთიანებას. 2021 წლის ივლისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანდასწრებით, საქართველოში, პეტრას ციხეზე მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას და დაადასტურეს, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.

17 ივნისს, საქართველო აღმოჩნდა „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.

"ქართული ოცნების" მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რადგან ვალდებულებები მათზე მეტად აქვს შესრულებული და ოპოზიციის ნაწილს, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მუშაობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა.

ოპოზიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბრალს სდებს ევროპული კურსიდან გადახვევასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში.

XS
SM
MD
LG