Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოაშკარავდა სირიის შესახებ დეზინფორმატორთა ქსელი, რომელსაც რუსეთი უჭერდა მხარს


"თეთრი ჩაფხუტების" წარმომადგენელი ნანგრევებში გადარჩენილი ბავშვით დამასკის მახლობლად. 2018 წ. 9 იანვარი.
"თეთრი ჩაფხუტების" წარმომადგენელი ნანგრევებში გადარჩენილი ბავშვით დამასკის მახლობლად. 2018 წ. 9 იანვარი.

სტრატეგიული დიალოგის საერთაშორისო ინსტიტუტმა (ISD) გამოაქვეყნა ანგარიში დეზინფორმატორთა ქსელის შესახებ, რომლებიც, დოკუმენტის თანახმად, ინტერნეტში 2015 წლიდან ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას სირიაში არსებული ვითარების შესახებ. გამოვლინდა 28 ავტორი, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ინსტიტუტის ინფორმაციით, სადეზინფორმაციო კამპანიას ხელს უწყობდა რუსეთის ხელისუფლება, ძირითადად სირიასა და დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოების მეშვეობით.

სირიაში სამოქალაქო მღელვარება 2011 წელს დაიწყო, მაგრამ დეზინფორმატორთა ქსელი ამუშავდა 2015 წელს, როცა სირიის კონფლიქტში რუსეთის ჯარები ჩაერთო. დეზინფორმატორთა მთავარი სამიზნე გახდა ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტები“, რომელიც დაზარალებულების გადარჩენით იყო დაკავებული და ქვეყანაში არსებული რეალური ვითარების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. მაგალითად, „თეთრმა ჩაფხუტებმა“ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე 2017 წელს. მაშინ ქიმიური იერიშის შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა, მათი ერთი მესამედი ბავშვები იყვნენ. სირიაში მომწამვლელი გაზების გამოყენება დაადასტურა გაეროს გამოძიებამ, მაგრამ დეზინფორმატორთა ქსელმა გაავრცელა ცნობები, თითქოს გამოქვეყნებული კადრები დადგმული იყო და მათში დაქირავებული მსახიობები მონაწილეობდნენ. დეზინფორმატორები „თეთრ ჩაფხუტებს“ ბრალს სდებდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ყაიდასთან“ თანამშრომლობაში, შეთქმულების დაფინანსებას კი, მათი მტკიცებით, უზრუნველყოფდნენ მილიარდერ ჯორჯ სოროსის სტრუქტურები.

ქსელმა ინტერნეტში გამოაქვეყნა 47 ათასზე მეტი პოსტი, რომლებითაც ოფიციალური სტრუქტურებისა და მასმედიის შეცდომაში შეყვანაც კი ხერხდებოდა. ქსელის ყველაზე გამორჩეული მონაწილეა ბრიტანელი ბლოგერი ვანესა ბილი, რომელიც მოსკოვში არაერთხელ იმყოფებოდა სირიაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე მოხსენებებით. მოსკოვში ის ხვდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას. მოგვიანებით რუსეთის ფედერაციამ მისი მოხსენება გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა როგორც „თეთრი ჩაფხუტების“ წინააღმდეგ მიმართული მტკიცებულებები.

ბრიტანეთის გაზეთ The Guardian-ის ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომელი იყო, მიიჩნევს, რომ სირია საწვრთნელი პოლიგონი იყო საინფორმაციო ომისთვის, იქ დამუშავებულ მეთოდებს კი რუსეთი ახლა იყენებს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვითარებების აღსაწერად.

XS
SM
MD
LG