პოლიტიკური პარტია "ევროპულმა საქართველო", მედიასაშუალება "ტაბულა" და არასამთავრობო ორგანიზაციები "თავისუფლების ინსტიტუტი", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება" და "აფხაზთა კრება" დეოლიგარქიზაციაზე ქვეყნის მასშტაბით კამპანიის დაწყებას გეგმავენ. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს დღეს, 18 ივნისს პარლამენტის შენობის წინ უამბეს.
"დღეს ცდილობენ, რომ მტერი და მოყვარე ჩაგვინაცვლონ ერთმანეთში, ღია ომი აქვთ გამოცხადებული დასავლური სამყაროსთვის და გვაგუებენ იმას, რომ ე.წ. რუსეთი არის ის, რასაც უნდა შევეგუოთ, როგორც ჩვენს პატრონს, დავივიწყოთ ის საშინელი დანაშაულებები, რომელიც ამ ბოროტების იმპერიას ჩადენილი აქვს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არა მხოლოდ 2008 წელს ან უფრო წარსულში, არამედ კონკრეტულად აფხაზეთში 90-იანების დასაწყისში ჩაიდინა გენოციდი.
ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ საკითხზე გვქონდეს კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან ჩვენი ამოცანაა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დადგეს სამოქალაქო აქტიურ პოზიციაზე, დაიბრუნოს ქვეყნის მომავლის რწმენა და ამ გზით მოხდეს ამ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გველის ათწლეულები პოსტსაბჭოთა ბოროტების იმპერიის ჭაობში ყოფნისა", - თქვა გიგა ბოკერიამ, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
გუშინ, 17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება - აიღებს და შეასრულებს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოში ოლიგარქი ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი მეწილე - დავით კეზერაშვილია და არა მათი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი.