Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარჯველაძე: პრიმიტიულად ნურავინ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს ფული აქვს, ოლიგარქია


მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი ფინანსების გამოყენებით ხელისუფლებაში ყოფნისთვის იღვწიან და ამისთვის საკუთარ ფინანსებს იყენებენ. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამ ჩამონათვალში დაასახელა ტელეკომპანია "ფორმულის" მეწილე, დავით კეზერაშვილი.

"​ოლიგარქია, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს, ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

​იმის მიუხედავად, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში ამ კონტექსტში მოხსენიებული იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, დეპუტატმა თქვა:

"მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშნველოვანია ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი საფუძველი საუბრისთვის იმაზე, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი რამენაირად შეიძლება იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, მოცემულ შემთხვევაში, უბრალოდ არ არსებობს. [...]

პრიმიტიულად ნურავინ ნუ მიუდგება ამ საკითხს და ნუ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს. რასაკვირველია, რომ ეს არის აბსოლუტურად მცდარი".

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

გუშინ, 17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება - აიღებს და შეასრულებს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ- ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი - უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.

XS
SM
MD
LG