საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს, 16 ივნისს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის მხარდამჭერ აქციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას 16 ივნისს თბილისში ევროპის მოედანზე შეკრება შესთავაზა. "დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი - ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მიიწვია აქციაზე.
პრეზიდენტის მიწვევას იღებენ და 16 ივნისს აქციაზე მისვლას აპირებენ ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუპერტ კნირში და საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.
მანამდე სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით 20 ივნისისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაიგეგმა აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ". პრეზიდენტმა ამ აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა.
20 ივნისის აქციას შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე და ორგანიზატორები გააფრთხილა:
"მთავარი ისაა, რომ ახლა, ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით... მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას".
საქართველოს ხელისუფლება 23-24 ივნისს ევროპული საბჭოდან მიიღებს პასუხს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, რომელიც ქვეყანამ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შეავსო.