Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ელჩი ზურაბიშვილის მიწვევას იღებს - ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები


ჰუბერტ კნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში
ჰუბერტ კნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში

გერმანიის საელჩო საქართველოში "ფეისბუკის" გვერდზე ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ის საქართველოს პრეზიდენტის მიწვევას იღებს და 16 ივნისს ევროპის მოედანზე მივა. ელჩი წერს, რომ სურს გახდეს საქართველოს მოქალაქეთა ევროპისადმი მხარდამჭერი პოზიციის მოწმე.

„საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, - ნათქვამია ჰუბერტ კნირშის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას 16 ივნისს თბილისში ევროპის მოედანზე შეკრება შესთავაზა, "დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი - ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მიიწვია აქციაზე.

20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს კი პრეზიდენტმა შეკრების გადადებისკენ მოუწოდა.

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" დაიგეგმა.

ამ აქციას შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე და ორგანიზატორები გააფრთხილა:

"მთავარი ისაა, რომ ახლა, ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით... მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლება 23-24 ივნისს ევროპული საბჭოდან მიიღებს პასუხს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, რომელიც ქვეყანამ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შეავსო.

XS
SM
MD
LG