Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ოპოზიციას გული რომ შესტკიოდეს, მოუწოდებდა ევროპარლამენტს, „ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული“ რეზოლუცია არ მიეღოთ


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ, 13 ივნისის სხდომაზე, ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას, მისი ხედვით, ოპოზიციას წვლილზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას გული რომ შესტკიოდეს, ევროპარლამენტს მოუწოდებდა, "ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღო".

ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიციირებულ რეზოლუციაზე მსჯელობისას, გამოყო "ევროპის სახალხო პარტია", რომლის წევრიცაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

"ახლა პარლამენტში მიიღეს, რამდენიმე დღის წინ, რეზოლუცია. რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო "ევროპის სახალხო პარტია", რომელსაც ეძახიან epp-ს. ვინ არის ეს პარტია, ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, ამ პარტიის შვილობილი პარტია და მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". გახსოვთ პარლამენტში ვთქვი და ღიად დავდე ბრალი და რამდენიმე გვარიც გავაჟღერე - ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ საუბარი არ არის მთავრობაზე და მმართველ გუნდზე, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ავრცელებენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილეთ მორიგი მტკიცებულება ამ რეზოლუციის სახით, ასეთი უპასუხისმგებლო, სამარცხვინო რეზოლუციის მიღებით. ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც მე ვთქვი და რაც ჩვენი გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები „მუხლისჩოქებზე დადიოდნენ“ და „ეხვეწებოდნენ“, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ახლა „მოახერხეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამათ არა, ამის ილუზია არავის არ აქვს, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, მაგრამ, ფაქტია, რომ როლი შეასრულეს, გამოიყენეს მათი ეს განცხადებები საბაბად. ეს საშინელებები, რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, სამარცხვინო, მართლაც სამარცხვინო ბრალდებები, არის ამათი მიწოდებული, ეს ფაქტები და მტკიცებულებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი სიტყვებით, თუ ოპოზიციას გულის შესტკიოდა, რატომ არ მოუწოდა ევროპარლამენტარებს, რომ არ მიეღოთ „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია?!"

ჩვენ აქ კითხვები არ გაქვს, მეგობრებო, ყველას კარგად ესმის, ყველაფერი ეს რას ემსახურებოდა. გახსოვთ, ალბათ, სანქციებზე მიერთებას ითხოვდნენ... ახლა უკვე სრულად გაწბილებულები, ხელმოცარულები, ვერც სანქციებით და ქაოსის შექმნით ომში ჩართვა ვერ შეძლეს ქვეყნის, ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია ვერ შეძლეს. ახლა ასეთი მავნებლობით და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ცდილობენ დააზიანონ მთავარი - ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მხოლოდ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, ყველამ კარგად იცის, რომ „მოლდოვას და უკრაინას ვუსწრებთ ათი თავით“ და „აბსურდია“, რომ თითქოს არსებობს განცდა, რომ საქართველოში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა.“

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ რეზოლუციას აპროტესტებს იმისთვისაც, რომ "მას აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა, აუპატიურებდა მისი მკვლელი ბრიგადები ჩვენს მოქალაქეებს".

ღარიბაშვილის თქმით, „30 წლის მანძილზე თუ ვინმეს რამე გაუკეთებია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ყველაზე მეტი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, „იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა კულმინაცია იყო ჩვენს მიერ 3 მარტს შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „მანამდე არავითარი ევროპული ქვეყანაში არ ხდებოდა. ეს იყო წმინდა კლასიკური დიქტატურა, რომელიც ეფუძნებოდა ხალხის ჩაგვრას, წამებას და ა.შ“, და ჩვენმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, თუ არ ვცდები 2017 წელს და განვსაზღვრეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური. ეს მხოლოდ კი არ ჩავწერეთ, ჩანაწერი - ჩანაწერისთვის კი არა, ჩვენ რეალური ხელშესახები შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი სიტყვებით, გამოდიან და ამბობენ: „თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობაო. არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო! მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი“.

ჯერ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 300-მა ევროპარლამენტარმა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აჩვენა და "თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი".

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ეს საკითხი 23-24 ივნისს განიხილება.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, მოთხოვნა უკრაინამ გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

XS
SM
MD
LG