Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში მოკლული ქალის შვილების ჩამოყვანას ბიუროკრატია აფერხებს - ადვოკატი


როზეტა ყალიჩავა პოლონეთში სამ შვილთან, ქმართან, ძმასთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა.
როზეტა ყალიჩავა პოლონეთში სამ შვილთან, ქმართან, ძმასთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა.

პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის როზეტა ყალიჩავას უმცროს შვილს 2 წელი 6 ივნისს, თავშესაფარში შეუსრულდა. მოკლული ქალის სამი მცირეწლოვანი შვილი ამ დრომდე პოლონეთში, თავშესაფარში რჩება.

გაბრიელს დაბადების დღის ტორტი თავშესაფარში ბიძამ, როზეტას ძმამ მიუტანა.

„ბავშვებს მესენჯერით ველაპარაკეთ“, - გვიყვება როზეტას და, ლორიტა ყალიჩავა: „ჩემი ძმა იყო მისული, საჩუქარი და ტორტი მიუტანა გაბრიელს. ბავშვები რომ გველაპარაკებოდნენ, უფროსმა გოგომ, რომელიც ექვსი წლისაა, მკითხა, ჩემი დედიკო შენთანააო? რა თქმა უნდა, მაშინვე სხვა რაღაცაზე გადავუტანეთ ყურადღება. მოწყენილები არიან. განსაკუთრებით უფროსი“.

როზეტა ყალიჩავას ოჯახის ადვოკატის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის პროცედურას ამ ეტაპზე პოლონეთის სასამართლო განიხილავს. მართალია სასამართლომ ზეპირი მოსმენით უკვე მიანიჭა ბავშვების ბებიას, როზეტას დედას მეურვის სტატუსი, თუმცა, ქართულ მხარეს პოლონეთის სასამართლოს წერილობითი გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაჰბარებია.

თამარ ლუკავას ინფორმაციით, პოლონეთის სასამართლო ბავშვების საქართველოში ჩამოსაყვანად ითხოვს მთელ რიგ სხვა დოკუმენტაციასაც, მათ შორის, საქართველოს მხრიდან ბავშვების მამისთვის, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, მშობლის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილებას:

თამარ ლუკავა
თამარ ლუკავა

„სოციალური მომსახურების სააგენტომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 3 ივნისს შეიტანა სარჩელი მამისთვის მშობლის უფლების შეზღუდვაზე. თუმცა, სამწუხაროდ, სასამართლოსგან პასუხი ჯერ არ გვაქვს. ახლა ჩვენი მოლოდინია, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რაც შეიძლება დაჩქარებული წესით განიხილოს მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხი. ეს საკითხი სასამართლომ წესით ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა განიხილოს, რადგან ყველა დოკუმენტაცია გვაქვს წარდგენილი სასამართლოში. სამწუხაროდ, არც გვაქვს ინფორმაცია, როდის შეიძლება ველოდოთ ამ გადაწყვეტილებას. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით“.

გარდა მშობლის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილებისა, პოლონეთის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან მოითხოვა ბავშვების ოჯახური გარემოს შესწავლა და შეფასება. თამარ ლუკავას ინფორმაციით, სააგენტომ შეფასება უკვე მოამზადა და დოკუმენტი გადაგზავნილია პოლონეთში:

„მათ აინტერესებთ ინფორმაცია ოჯახის შესახებ. რამდენად უსაფრთხო გარემო იქნება ბავშვებისთვის ოჯახში, რამდენად შეძლებს ოჯახი ბავშვების სრულფასოვნად მიღებას. ბავშვების ჩამოყვანის პროცედურას აჭიანურებს პოლონეთის მხრიდან, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა. ახლა ველოდებით, კიდევ რა დოკუმენტაციას მოითხოვს პოლონეთის სასამართლო“.

თამარ ლუკავა საქართველოს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოკლული ქალის სამი მცირეწლოვანი შვილი თავშესაფარში ყველა საჭირო სერვისს იღებს. თუმცა, ადვოკატის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები უცხო გარემოში იმყოფებიან და აქვთ ენის ბარიერი, აუცილებელია, რომ ისინი დროულად დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახში:

„ბავშვებს ისედაც სტრესული გამოცდილება აქვს ძალადობის სხვადასხვა ფაქტებიდან გამომდინარე. ახლა მით უმეტეს, როდესაც უცხო ქვეყანაში არიან, უცხო გარემოში, აქვთ ენის ბარიერი. ისინი ამ ყველაფრისთვის საკმაოდ პატარები არიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულად გაიაროს ორივე მხარემ, პოლონეთმაც და საქართველომაც ეს პროცედურები და ბავშვები დროულად ჩამოვიდნენ საქართველოში“.

როგორც თამარ ლუკავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბავშვების საქართველოში დაბრუნების პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ პოლონეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებას იწყებს:

„ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ პოლონეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შევიტანოთ სარჩელი ევროსასამართლოში, რადგან პოლონეთის სახელმწიფო იყო, პირველ რიგში, ვალდებული, რომ დაეცვა ქალის უფლებები. ზუსტად პოლონური მხარის უმოქმედობის შედეგია ის, რასაც დღეს ვიმკით“.

პოლონური მედიის ინფორმაციით, როზეტა ყალიჩავას ქმარი, 42 წლის კაცი დაკავებულია, მას ცოლის მკვლელობისთვის ბრალი ოფიციალურად აქვს წაყენებული. პროკურატურის ინფორმაციით, კაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა მკვლელობის ფაქტს ადასტურებს:

„მან გამოძიებას აცნობა, რომ ცოლთან კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდა, რაც შეიტყო, რომ ქალი მისი ნების საწინააღმდეგოდ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას“.

26 წლის როზეტა ყალიჩავა, 24 მაისს ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობა საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, როზეტამ დახმარების თხოვნით საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარს“ მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „საფარის“ იურისტმა ქალის გადასარჩენად საქმის კურსში ჩააყენა როგორც საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ისე პოლონეთში საქართველოს საელჩო, ქალის დაცვა მაინც ვერ მოხერხდა.

როზეტა პოლონეთში სამ შვილთან, ქმართან, ძმასთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ დარჩელიდან იყო. რამდენიმე წლის წინ, პოლონეთში სამუშაოდ ჯერ მისი ძმა წავიდა. შემდეგ ქმარი. ერთი წლის წინ კი შვილებთან ერთად ისიც პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად.

როზეტა ყალიჩავა პოლონეთიდან საქართველოში 5 ივნისს ჩამოასვენეს. მას 9 ივნისს, სოფელ დარჩელში დაკრძალავენ.

XS
SM
MD
LG