Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AP: რუსეთმა დაიწყო უკრაინისთვის "აზოვსტალში" დაღუპული მებრძოლების ცხედრების გადაცემა


მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი "აზოვსტალი". 2022 წლის 5 მაისი
მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი "აზოვსტალი". 2022 წლის 5 მაისი

რუსეთმა უკრაინას გადასცა ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაღუპული ათეულობით უკრაინელი მებრძოლის ცხედარი. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება. მანამდე გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა და უკრაინამ პირველად გაცვალეს დაღუპული მეომრები და თითოეულმა მხარემ მეორეს 160 ცხედარი გადასცა.

პოლკ „აზოვის“ პრესმდივანმა ანა გოლოვკომ Associated Press-ს დაუდასტურა, რომ მათ შორის იყო „აზოვსტალის“ დამცველი პოლკის, "აზოვის" სულ მცირე 52 დაღუპული მებრძოლიც. ისინი გადაასვენეს კიევში, სადაც იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

რუსული არმიის ალყაში მყოფ მარიუპოლში "აზოვსტალის" ტერიტორია მაისის შუა რიცხვებამდე რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ.

სიტუაცია კრიტიკული გახდა "აზოვსტალის" დამცველთა რესურსების თითქმის ამოწურვის და დაჭრილთა უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო. 16 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხალი სჭირდება, ამიტომ, უკრაინელი სამხედროების, მზვერავების და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით დაიწყო მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია. 20 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დასრულდა "აზოვსტალიდან" უკრაინელი სამხედროების გაყვანა, საერთო ჯამში, "ტყვედ ჩაბარდა" 2439 და ქალაქ მარიუპოლზე დამყარებულია რუსეთის სრული კონტროლი.

"აზოვსტალის" დამცველთა შორის იყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, მესაზღვრეები, პოლიციელები, პოლკ "აზოვის" მებრძოლები და მოხალისეები.

უკრაინის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასახელებს მარიუპოლის დაცვისას დაღუპული მეომრების რიცხვს. რაც შეეხება ტყვეებს, კიევი თავიდანვე აცხადებდა, რომ მათ რუს ტყვეებში გაცვლიდა, თუმცა, ამ განზრახვას რაიმე შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

6 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაშია "აზოვსტალის" 2500-ზე მეტი დამცველი და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათ დასაბრუნებლად.

XS
SM
MD
LG