Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სულ მცირე 4 ადამიანი დააკავეს


თბილისი, აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან. 6 ივნისი, 2022 წელი
თბილისი, აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან. 6 ივნისი, 2022 წელი

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სულ მცირე ოთხი ადამიანი დააკავეს. აქციას ჰომოფობიური განწყობების მქონე გურამ ფალავანდიშვილის არასამთავრო ორგანიზაციები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „ზნეობა“ მართავენ.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ადგილიდან, დაკავება ლგბტქი აქტივისტების დროშის დაწვის მცდელობას მოჰყვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილების განცხადებით, ისინი მოითხოვენ „შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში გაეროს და ევროკავშირის მისიების, ასევე საელჩოების მხრიდან ბინძური ხელების ფათური. შეწყდეს ლგბტ პროპაგანდა“. მათივე თქმით, „მოქალაქეები, ჩვენი ორგანიზაციის წევრები, ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუშალოთ ბინძური ლგბტ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ყველა ღონისძიებას“.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დააზუსტა, რომ სულ დაკავებულია შვიდი ადამიანი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო.

წელს ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშის" გამართვას არ გეგმავს. თუმცა, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლით მაინც იმუქრებიან. მუქარას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე. მისი თქმით, სახელმწიფო დაიცავს კანონით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის უფლებას და აღკვეთს ძალადობის ფაქტებს, თუკი ასეთს ადგილი ექნება.

გასულ წელს, 2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, "ალტ-ინფოს", მოწოდებით სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორები.

XS
SM
MD
LG