შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე პირობას დებს, რომ სახელმწიფო დაიცავს კანონით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის უფლებას და აღკვეთს ძალადობის ფაქტებს, თუკი ასეთს ადგილი ექნება. დარახველიძემ ეს ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და "ალტ-ინფოს" მუქარას შეეხებოდა.
"ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის უფლება. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, გვაქვს ჩვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შსს მიიღებს ყველა იმ ზომას, რაც კანონით არის გათვალისწინებული", - თქვა დღეს, 2 ივნისს, ალექსანდრე დარახველიძემ.
„თბილისი პრაიდი“ წელს 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გეგმავს კვირეულის ჩატარებას. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სამი ღონისძიება, მათ შორის არ არის „ღირსების მარში.“
„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ კვირეულს გამოეხმაურა „ალტ- ინფო“ და მისი ერთ-ერთი ღონისძიების, ფესტივალის ჩაშლისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის გამოყვანა დააანონსა.
გასულ წელს, 2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, "ალტ-ინფოს", მოწოდებით სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორები.