აშშ არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას მოსკოვის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადაზე უარისა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა Politico იტყობინება ამერიკელ სახელმწიფო მოხელეებზე დაყრდნობით. გამოცემის თანამოსაუბრემ ამ საკითხზე რუსეთის განცხადებას „დიპლომატიური გამომძალველობა“ უწოდა.
აშშ-ის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ამერიკელი კანონმდებლები ეჭვით ეკიდებიან რუსეთის განცხადებას, რომ ის მზადაა დახმარებისთვის შესაძლო სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, სენატორმა ჯეიმს რიშმა მოსკოვის მოთხოვნას, მას სანქციები მოეხსნას მარცვლეულის ექსპორტის საკითხის გადასაწყვეტად, რიშმა „შანტაჟი“ უწოდა, იუწყება Politico.
ვაშინგტონში ყურადღებით აკვირდებიან შავი ზღვის გზით მარცვლეულის ექსპორტის განახლების თაობაზე მოლაპარაკებებს, რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ გაერო და თურქეთი. გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ დათანხმდება გარიგებას, რომელსაც შეეძლო კრემლის წინააღმდეგ დაწესებული რომელიმე სანქციის შესუსტება.
Politico-ს თანამოსაუბრემ გაეროდან ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის დაკავშირება სანქციების მოხსნასთან კიდევ უფრო ართულებს ისედაც „მოწყვლად“ მოლაპარაკებებს მოსკოვთან.
კრემლში ამტკიცებენ, რომ სურსათის მიწოდებაში არსებული პრობლემები, რაც, გაეროს შეფასებით, უკვე მილიონობით ადამიანს ემუქრება შიმშილით, „არის დასავლეთის მცდარი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის, ასევე მათ მიერ ანტირუსული სანქციების შემოღების შედეგი“.
გაერომ განაცხადა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს ხელს უშლის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ განცხადებას ბლეფი უწოდა. მან რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის გემებს გავლის საშუალებას მისცემს, თუკი კიევი ზღვას ნაღმებისგან გაწმენდს.