პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის დიაგნოზში აღნიშნული ყველა დაავადების მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია. ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა მსჯავრდებულის უცხოეთში მკურნალობის პროცედურა.
„იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს საზღვარგარეთ წასვლა, ვგულისხმობ პატიმარს, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული და არ უნდა იხდიდეს სასჯელს საქართველოში. თუკი საუბარი არის იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას უნდა გადაუვადდეს სასჯელი, ან უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს კანონის შესაბამისად და რასაც გადაწყვეტს სასამართლო, ბუნებრივია, ჩვენი მოქმედება იქნება იმის შესაბამისი. პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი იყოს გაყვანილი სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ, არ არსებობს. ზოგადად ერთი რამე უნდა ვთქვა, აუცილებლად, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც არის ძალიან მაღალკვალიფიციური. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მის დიაგნოზებში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში", -ამბობს რატი ბრეგაძე.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.