შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის შესასვლელში წლების განმავლობაში მორიგეობით მყოფი ადამიანები ღელავენ იმაზე, რომ მუზეუმში დაცული ხატები ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადააქვთ. მათი სურვილია, რომ ანჩისხატი, თუკი ადგილს შეიცვლის, განთავსდეს ანჩისხატის ეკლესიაში სპეციალურად მისთვის გამზადებულ სახატე ვიტრინაში, რომელიც ტაძარში 2021 წლის მარტში დადგეს.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ საპატრიარქოს მიზანი ნამდვილად არის ხატის ეკლესიაში დაბრუნება. მისი განმარტებით, ამის დასტურია ისიც, რომ გაიცა ნებართვა სახატე ვიტრინის ანჩისხატში განთავსებაზე, თუმცა მას არ მოსწონს ფორმა, რომელსაც ამისთვის ირჩევენ მოქალაქეების ჯგუფი და პირადად ზაზა ნანობაშვილი. ზაზა ნანობაშვილი ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ რიგ განცხადებებს იგი თვითნებურად აკეთებს საპატრიარქოს და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეცდომაში შეჰყავს.
"პრობლემა იმ ფორმაში და არჩეულ გზაშია, რასაც ბატონი ზაზა ნანობაშვილი უკანასკნელ პერიოდში დაადგა. ის ქმნის მტრის ხატს საპატრიარქოსგან და სახელმწიფოსგან და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თავადაა ერთადერთი, ვისაც ხატის დაბრუნება სურს. რეალობა სხვაგვარია, დროში გამოჩნდება" - წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე. მისი თქმით, ზაზა ნანობაშვილი "რიგი გადაცდომების გამო" ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან.
ზაზა ნანობაშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად მუზეუმის წინ დგას და ამბობს, რომ ის პატრიარქის მოთხოვნის შესრულებას ითხოვს სახელმწიფოსგან.
"2021 წლის 2 აგვისტოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს პატრიარქმა წერილით სთხოვა ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნება, სადაც ყველანაირი პირობებია შექმნილი გერმანული კომპანიის მიერ. შემდეგ იყო მოთხოვნა, რომ მთავრობა ამ საკითხს განიხილავდა და პასუხს გასცემდა. წერილზე პასუხი არ გაუციათ, არც მთავრობას განუხილავს ეს საკითხი. ახლა ვიცით შიგნიდან, რომ ხატები გადადის, მაგრამ სად და როგორ გადადის, არ ვიცით. პროცესი არის გაუმჭვირვალე, არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. წარმომადგენლის მოსვლას ვითხოვდით, არაფერი. მხოლოდ დილეტანტური საუბრები", - გვითხრა ზაზა ნანობაშვილმა.
"ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად, სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში არსებული საეკლესიო საგანძური წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი ზრუნვის საგანს, ხელოვნების მუზეუმის საგანძურთან დაკავშირებული ყოველგვარი ქმედება ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და მის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეთანხმებით. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს მიმდინარე პროცესებზე როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის სრულ პასუხისმგებლობას, ნდობას პროცესისადმი და ურთიერთშეთანხმებულ ქმედებებს", - ეს კულტურის სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე 1 ივნისს გამოქვეყნებული განცხადებაა.
ამ განცხადებიდან ვიგებთ, რომ:
- არაერთი ექსპონატი ტრანსპორტირებისათვის მზადაა, ხოლო ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად 1 ივნისიდან დაიწყო;
- მუზეუმის შენობის დაცლის პროცესის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრამდე;
- ხელოვნების მუზეუმიდან გატანილი ექსპონატები დროებით სხვადასხვა სივრცეში განთავსდება;
- საგანძურის ექსპონატებისთვის, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსაზრების საფუძველზე, შერჩეულ იქნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ყოფილი სივრცე, რომელიც სარგებლობაში გადაეცა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს და მის მფლობელობაში დარჩება მომავალშიც. ამ სივრცეში, სამინისტროს მტკიცებით, დამონტაჟებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემები;
- საგანძურის კოლექციის გადაადგილება განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით;
- ექსპონატების ტრანსპორტირების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ექსპონატების გადაადგილებისას უზრუნველყოფენ მათ დაცულობას.
განცხადება სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მოქალაქეების მცირე ჯგუფმა ხელოვნების მუზეუმთან აქცია გამართა - ისინი ხატების სხვა სივრცეში გადატანას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს შორის იყო პრორუსული ტელევიზიის, "ობიექტივის", ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილიც, რომელიც კულტურის მინისტრთან დაახლოებული პირია.
ანჩისხატის და სხვა ხატების მუზეუმიდან გადატანის გამო მღელვარება უკავშირდება ფონდების ევაკუაციის პროცესს. ეროვნულმა მუზეუმმა მაისში თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების შესაფუთი მასალა იყიდა იმისთვის, რომ ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობიდან ფონდები სხვა, უფრო უსაფრთხო დროებით სივრცეში გადაიტანონ. ექსპონატებს შორის არის ხატები, რომელთა ნაწილიც დაზიანებულია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
ეროვნული მუზეუმი ოქროს ფონდში დაცული ექსპონატების გამაგრებითი სამუშაოებისთვის ორი უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანას აპირებს, რომელთა მომსახურებაც სახელმწიფო ბიუჯეტს 75 000 ევრომდე დაუჯდება და რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში უნდა იმუშაონ დაზიანებული ხატების ევაკუაციისთვის მოსამზადებლად. მათი ამოცანაა, კოლექციის გადატანამდე შეაფასონ გადაადგილების დასაშვებობა თითოეულ ექსპონატთან მიმართებაში, გადაადგილების მანძილისა და მეთოდოლოგიის ჩათვლით და ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩაატარონ ექსპონატების კონსერვაცია-რეაბილიტაცია მათი მთლიანობის, დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
მუზეუმის ადმინისტრაცია ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობიდან 140 000-მდე ექსპონატის ევაკუაციას ალტერნატიულ ფართებში გეგმავს, 2021 წლის ივნისში მინისტრის მიერ დამტკიცებული საევაკუაციო გეგმის მიხედვით. ამ გეგმით, ისტორიული შენობიდან ფონდები 2022 წლის თებერვალში სრულად უნდა ყოფილიყო გადატანილი სხვა, უსაფრთხო სივრცეებში.