Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიაბკოვი: უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება ზრდის აშშ-რუსეთის პირდაპირი შეტაკების რისკებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. მოსკოვი, 2020 წლის ოქტომბერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. მოსკოვი, 2020 წლის ოქტომბერი

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების ნებისმიერი მიწოდება, მიუხედავად ვაშინგტონის არგუმენტებისა, ზრდის რუსეთის და აშშ-ის პირდაპირი შეტაკების რისკებს - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

როგორც რიაბკოვი ამბობს, აშშ-ს წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ კი, დაკარგა სიტუაციისადმი „პასუხისმგებლობიანი, ჯანსაღი მიდგომის ნარჩენებიც“. რიაბკოვი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიცადოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 მაისს გამოაცხადა უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება. თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS-ს. ამ სისტემას სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე, თუმცა, აშშ უკრაინას გადასცემს HIMARS-ის ისეთ ჭურვებს, რომელთა მოქმედების რადიუსი დაახლოებით 80 კილომეტრია.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თანახმად, უკრაინა მიიღებს სარაკეტო სისტემებს, რომელთა გამოყენებას შეძლებს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის შეტევების მოსაგერიებლად და არა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით აშშ-მა, უკრაინას გაუწიეს მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება, თუმცა, კიევისთვის დღემდე გადაცემულ შეიარაღებას შორის არ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

XS
SM
MD
LG