უკრაინის პარლამენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 234-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 9. კენჭისყრის შედეგები Telegram-ში გამოაქვეყნა სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელესნიაკმა.
დენისოვას ეს თანამდებობა 2018 წლის მარტიდან ეკავა. 31 მაისს პრეზიდენტის მომხრე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა ხელმოწერები შეაგროვეს მის გადასაყენებლად.
ფრაქციის დეპუტატმა პავლო ფროლოვმა ფეისბუკში დაწერა ომბუდსმენის მიმართ „ხალხის მსახურის“ პრეტენზიებზე. მისი სიტყვებით, დენისოვა იტყობინებოდა ხოლმე რუსეთის სამხედროების მხრიდან „გადაგვარებული ფორმით“ სექსუალური ძალადობის შესახებ უკრაინის მაცხოვრებლებისა და მათი ბავშვების მიმართ, რაც მოგვიანებით არ დასტურდებოდა.
გარდა ამისა, როგორც აცხადებენ, დენისოვა არ მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებების ზონაში ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაში და დიდ დროს ატარებდა დასავლეთ ევროპაში, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველეყო უკრაინელების უფლებები რუსეთში.
დენისოვამ 30 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი განთავისუფლება უკანონოა. მისი თქმით, პრეზიდენტის ოფისს ხელს არ აძლევს მისი "აქტიური საქმიანობა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისკენ არის მიმართული. "ვთვლი, რომ ხელისუფლების ასეთი მოქმედება არის უკანონო და წარმოადგენს ომბუდსმენის ოფისის საქმიანობაში ჩარევას", - თქვა ლიუდმილა დენისოვამ.