Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტყუილია, ხელშეკრულებებს ვადა არ გასვლია“ - რესპუბლიკურიდან გათავისუფლებულები


ბექა ჩაფიჩაძემ 11 თვე იმუშავა უმცროს ექიმად ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მეშვიდე სართულზე, კოვიდ-თერაპიის განყოფილებაში. 11 თვის თავზე, მას და მის კოლეგებს უთხრეს, რომ ხვალიდან სამსახურში აღარ მისულიყვნენ, რაგან კოვიდ-განყოფილება პაციენტების არარსებობის გამო იხურებოდა.

ამ დღეს, 31 მარტს, განყოფილებიდან ბოლო კოვიდ-პაციენტი გაწერეს, ბექა ჩაფიჩაძისა და მისი კოლეგების ინფორმაციით, ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კოვიდ-განყოფილებებიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული მედმუშაკია გათავისუფლებული. მათ შორის, ექიმები, ექთნები, უმცროსი ექიმები.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კლინიკიდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შესახებ, 29 მაისს, რესპუბლიკური კლინიკის ახალი დირექტორი, ლიანა ჭუმბურიძე ვიდეო-განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ საავადმყოფოში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება; კლინიკაში გამოცხადებულია ტექნიკური რეორგანიზაცია, საავადმყოფო გადადის მუშაობის ჰიბრიდულ რეჟიმზე და შესაბამისად, ის თანამშრომლები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ კოვიდ-დეპარტამენტში, სხვადასხვა განყოფილებებში გადანაწილდებიან:

„რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც დაუსრულდათ ხელშეკრულების ვადა, გადაყვანილ იქნა რეზერვში. ჩვენ შევთავაზეთ მათ ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელება. 14-დან 12 დაგვთანხმდა და ორმა უარი თქვა ამაზე“.

ბექა ჩაფიჩაძე ამბობს, რომ მის ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია და ეს ვადა 28 ივლისს იწურება. რაც შეეხება რეორგანიზაციის შემდეგ კლინიკაში დარჩენის შეთავაზებას, მას ადმინისტრაციისგან მსგავსი წინადადება არ მიუღია. უმცროსი ექიმის თქმით, კლინიკა მან და მისმა კოლეგებმა ძირითადად ზეპირი გაფრთხილებისა თუ შეტყობინების შედეგად, დოკუმენტებზე ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე დატოვეს:

ბექა ჩაფიჩაძე
ბექა ჩაფიჩაძე

„უსიტყვოდ გამოგვიშვეს. არანაირი სამოქმედო გეგმა, რა ბედი გვეწეოდა, არავის არაფერი უთქვამს. სამი უმცროსი ექიმი გადაიყვანა განყოფილების ხელმღვანელმა მულტიპროფილურ განყოფილებაში. ასევე ორი ექიმიც. ექთნების ნაწილს გამოუნახეს ადგილი. დანარჩენი უმცროსი ექიმები და ექიმები გაგვათავისუფლეს. მცდელობა მქონდა, რომ რეზერვში მაინც ჩავესვი. თხოვნით მივმართე კლინიკის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას, კოვიდ-განყოფილების უფროსსაც, მაგრამ ამაზეც უარი მითხრეს. ბოლო ხელშეკრულება დამსაქმებელთან გავაფორმე 28 თებერვალს და ჩემს ხელშეკრულებას ვადა ეწურება 28 ივლისს. მტკნარი სიცრუეა, როდესაც ამბობენ, რომ თურმე ჩვენს ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა და იმიტომ დაგვატოვებინეს კლინიკა“.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი უმცროსი ექიმი გვეუბნება, რომ კლინიკის ხელმძღვანელობამ კოვიდ-განყოფილებებში მომუშავე მედპერსონალს ურთულესი სამუშაოს შესრულების შემდეგ, მადლობა სამსახურიდან გათავისუფლებით გადაუხადა:

"გინდ ფიზიკურად, გინდ ფსიქოლოგიურად პირადად მე და ჩემმა კოლეგებმა ურთულესი პერიოდი გადავიტანეთ. სწორედ კლინიკაში დავინფიცირდი მეც კოვიდით. სამუშაო პირობები იყო ძალიან მძიმე. მედპერსონალზე რომ აღარაფერი ვთქვა, თავად პაციენტებიც საკმაოდ რთულ სიტუაციაში იყვნენ. ზაფხულში კონდიცირების სისტემა არ მუშაობდა და საშინლად ცხელოდა. ზამთარში ცენტრალური გათბობა არ იყო კარგად გამართული და ციოდა. ზედა სართულებზე რემონტი მიმდინარეობდა და რამდენჯერმე ქარის დროს საპირფარეშოში ჭერი ჩამოიშალა. რაც შეეხება ხელფასს, კოვიდ-დანამატის ჩათვლითაც კი, ეს ხელფასი სამუშაოს სიმძიმიდან გამომდინარე მიზერული იყო. პირადად მე თვის ბოლოს, ყველაზე ბევრი, 1176 ლარი გამომდიოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაქსიმალურად ვიხარჯებოდით სამსახურში, არავის არაფერს ვაკლებდით და საბოლოოდ მადლობა ასე გადაგვიხადეს".

ბექა ჩაფიჩაძის მსგავსად, თითქმის ერთი წელი იმუშავა რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-განყოფილებაში უმცროსი ექიმის პოზიციაზე ბექა მიჩიტაშვილმაც. მისი ინფორმაციით, კლინიკიდან რამდენიმე ათეული თანამშრომელია გათავისუფლებული. გათავისუფლებულმა მედპერსონალმა სოციალურ ქსელებში დახურული ჯგუფი შექმნა, სადაც ისინი სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ. ამ ეტაპზე ჯგუფში, რომელსაც ბოლო დღეებია ახალი და ახალი წევრები ემატება, 30-ზე მეტი მედმუშაკია შეკრებილი:

ბექა მიჩიტაშვილი
ბექა მიჩიტაშვილი

„ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დაიკეტა რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთი კოვიდ-განყოფილება, მეოთხე სართულზე. გათავისუფლებული ხალხის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და პროტესტის ტალღა უფრო მძლავრი გახდა. ჯამში, სავარაუდოდ, გათავისუფლებული უნდა იყოს რამდენიმე ათეული მედმუშაკი. გუშინ დამამატეს ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, სადაც გათავისუფლებული მედპერსონალია გაერთიანებული და ვგეგმავთ მომავალ სამოქმედო ნაბიჯებს. ეს ჯგუფი ახლად შექმნილია და მიმდინარეობს მსჯელობა, რას ვიზამთ. ძალიან არ გვინდა, რომ ჩვენი პატიოსანი შრომა ფეხქვეშ გასათელი გახდეს. ადმინისტრაცია განცხადებას აკეთებს, რომ თურმე ჩვენ წავედით სამსახურებიდან და ის კი არა, თურმე, აქეთ გვთავაზობდნენ სამსახურს, ხომ არ დარჩებითო და ჩვენ ვუთხარით უარი. ეს არის დაცინვა. ადამიანს სამსახურიდან რომ უშვებ, შემდეგ გამოდიხარ და ამბობ, ალტერნატივა შევთავაზე და უარი მითხრაო, ეს არის დაცინვა, რადგან სამედიცინო სფეროში, პაციენტზე მეტი ექიმია და საკმაოდ ძნელია სადმე ნორმალური ვაკანსიის შოვნა და როცა ვიღაც სამსახურიდან გიშვებს და თან ალტერნატივას გთავაზობს, ამ შეთავაზებაზე უარს თითქმის არავინ ამბობს. ეს შეთავაზება არ ყოფილა რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან“.

როგორც ბექა მიჩიტაშვილი გვეუბნება, კოვიდ-განყოფილების დახურვამდე რამდენიმე ხნით ადრე, ისინი გააფრთხილეს, რომ სამსახური საკუთარი სურვილით უნდა დაეტოვებინათ, რაკიღა კოვიდ-განყოფილება იხურებოდა:

„უმცროსი ექიმის თანამდებობაზე ვინც ვმუშაობდით, დაახლოებით 13 ადამიანი, ყველა გამოგვიშვეს. პირდაპირ გვითხრეს, კოვიდი დასრულდა და უნდა წახვიდეთ. ყველამ აირიდა პასუხისმგებლობა და მარტივი გამოსავალი ნახეს. როგორც იტყვიან, ან „ქართულ ჯიგრულ პონტში“ უნდა დაგვეტოვებინა სამსახური ან გათავისუფლების განცხადებაზე მოგვიწევდა ხელის მოწერა. ექთნების ნაწილი სხვა განყოფილებებში გადაიყვანეს. ზოგს მხოლოდ კვირაში ერთხელ უწევს მორიგეობა. რა თქმა უნდა, ხელფასი სახარბიელო არ გამოსდით, მაგრამ ისინი სამსახურიდან მაინც არ გაუთავისუფლებიათ. ასევე დატოვეს რამდენიმე ექიმი, რომლებიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კადრები იყვნენ. დანარჩენები კი, ვინც კლინიკაში კოვიდ-პანდემიის დროს მივედით სამუშაოდ, ფაქტობრივად, ყველა გამოგვიშვეს“.

„ყალბი ვიდეო“ - ასე უწოდებს ბექა მიჩიტაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ლიანა ჭუმბურიძის მიერ გავრცელებულ ვიდეო-განცხადებას:

„ის კომენტარი და ვიდეო, სადაც რესპუბლიკურის დირექტორი საუბრობს, რომ თურმე რეორგანიზაციაა და შეთავაზებები გაკეთდა, არის ყალბი. შეიძლება თავად რამეს გეგმავენ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში დაგვტოვეს. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვეძებოთ სხვა სამსახური, თუ ერთ თვეში და ორ თვეში რეორგანიზაციას დაასრულებენ და ალტერნატივას შემოგვთავაზებენ. ჩვენ გამოგვიშვეს ყოველგვარი სამომავლო გეგმის გარეშე. მოლოდინი გვქონდა, რომ როდესაც კოვიდ-პანდემია დასრულდებოდა, კვლავ გავაგრძელებდით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობას. ეს კლინიკა მრავაპროფილური კლინიკაა, სხვადასხვა განყოფილებით. არავის ეგონა, რომ ამხელა საავადმყოფოში, ამხელა განყოფილებებზე ბოქლომებს ჩამოკიდებდნენ“.

რადიო თავისუფლებამ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვებით მიმართა ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას. თუმცა, როგორც კლინიკის პრეს-სამსახურში გვითხრეს, თუკი ადმინისტრაცია გადაწყვეტს განმარტების გაკეთებას, ისინი განცხადებას გაავრცელებენ.

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ განცხადება, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა, რომლის მმართველობაშიცაა რესპუბლიკური საავადმყოფო, 3 მაისს გაავრცელა.

3 მაისსვე გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ლიანა ჭუმბურიძე სწორედ 3 მაისიდან დაინიშნა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად და მან ამ თანამდებობაზე ლევან გოფოძე შეცვალა.

რაც შეეხება რეორგანიზაციას, ჰოლდინგის განცხადებით, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო:

„რესპუბლიკური საავადმყოფო, ამჟამად, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, კლინიკა მიიღებს როგორც კოვიდ-პაციენტებს, ასევე უზრუნველყოფს სხვა სამედიცინო სერვისების მიწოდებას“, - ეწერა 3 მაისის განცხადებაში.

10 მაისს კი უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან შევიტყვეთ, რომ ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდ-კლინიკად ფუნქციონირებდა, 10 მაისიდან, მოქალაქეებს უკვე მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს.

რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ-პაციენტების მიმღებ კლინიკად პანდემიის პირველივე დღეებიდან გადაკეთდა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფომ პანდემიის პერიოდში, 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება.

10 მაისიდან, რესპუბლიკური საავადმყოფო იღებს როგორც კოვიდ-პაციენტებს, ისე უზრუნველყოფს სხვა პაციენტების მომსახურებასაც, მათ შორის, ზოგადი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, კარდიოქირურგიის, ნეიროქირურგიის განყოფილებებში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, „პოსტპანდემიურ რეალობას რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურით, განახლებული, მაღალი კლასის სამედიცინო ტექნიკით ხვდება“.

მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც.

XS
SM
MD
LG