Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საბავშვო წიგნი ბავშვს უნდა მოსწონდეს, მშობელს კი არა“ - რა დაგხვდებათ წიგნის ფესტივალზე


კაპიტანი ტრიკო, დოგმენი, ოჩოპინტრე, რწყილი, ჭიანჭველა... 26- 29 მაისს თბილისში, ექსპო-ჯორჯიაში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება.

საბავშვო წიგნებისთვის ექსპო-ჯორჯიაში ცალკე პავილიონია გამოყოფილი. კისერზე გველშემოხვეული ოჩოპინტრეც სწორედ აქ დადის. წიგნი, რომლიდანაც ის „გადმოვიდა“, გამომცემლობა „არტანუჯის“ თაროზე დევს. იქ მის გარდა სხვებიც არიან: ოჩოკოჩი მკერდზე რქით, ჭინკა, რომელსაც რკინის ეშინია და ამირანის ყურშა - მფრინავი ძაღლი დიდი თვალებით და ოქროს ყელ-ტუჩით.

„ახალი მიმართულება დავიწყეთ „არტანუჯი ბავშვებისთვის“. ხალხურ ზღაპრებსაც გამოვცემთ და თანამედროვესაც. „ქართული მითიური გმირები“ ჩვენი ბესტსელერია. გვინდოდა ბავშვებს ქართული მითების პერსონაჟები სცოდნოდათ“, - ამბობს „არტანუჯის“ რედაქტორი თამარ ლონდარიძე.

„ამბავი კატა-კოტოსი“ - ვასო გულეურის ეს წიგნი „პალიტრა ელის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული გახდა და ახლა გამოფენაზე იყიდება. წელს ამ ავტორის კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა, ამჯერად ქუჩის ძაღლზე. ორივე წიგნი ილუსტრატორ ია გიგოლაშვილის გაფორმებულია.

„ინსპირაცია ბათუმელი კუპატა იყო და ის პრობლემები, რომლებიც დღეს გვაქვს. შევეცადე მეჩვენებინა, რას განიცდიან ძაღლები, როდესაც ქუჩაში რჩებიან“, - ამბობს ვასო გულეური.

კიდევ ერთ წიგნში წრუწუნა მოსამართლესთან საჩივრით მიდის. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, წიგნი ადამიანის უფლებებზეა და 4-5 წლის პატარებს უნდა წაუკითხონ, მას ასეც ჰქვია: ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ.

აქვე იყიდება ბოდულ ალ კასიმის „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“. ფანტაზიის გასავითარებლად ავტორი ბავშვს ოცნების ქალაქის აშენებას სთავაზობს. პატარამ მთელი ქალაქი თავად უნდა შექმნას, შენობებით, ხალხით, პარკებით, ბიბლიოთეკებითაც კი.

ეს წიგნი კი - „ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს“ - „აგორამ“ გამოსცა და სკანდინავიური ლიტერატურის მოყვარულებისთვისაა. წიგნი სამ მოზარდზეა, რომლებიც, როგორც წიგნებში ხდება ხოლმე, უცნაურ თავგადასავალში აღმოჩნდებიან.

„80-იანი წლების შვედეთია აღწერილი. საბავშვო, კარგი წიგნია, რაც იშვიათობაა. საბავშვო წიგნი ბავშვს უნდა მოსწონდეს, მშობელს კი არა“, - ამბობს გამომცემლობის მენეჯერი ეკა ჩაჩხიანი.

„დოგმენი“ - ამ წიგნს რომ „მოვუსმინოთ“, მასზე ყველა ჭკუას კარგავს. „ყველა გიჟდება დოგმენზე!“ ასეთი დევიზი აქვს დეივ პილკის ამ ნაწარმოებს, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა. „სულაკაურის“ ახალ წიგნებს შორის არის ასევე „კაპიტანი ტრიკო“ და ზაირა არსენიშვილის ერთადერთი ზღაპარი „მოკლე კატოს თავგადასავალი“.

წიგნებს მკითხველის გარდა დამხმარე აქსესუარებიც სჭირდება. გურამ მეგრელიშვილის „მკითხველის მეგზური“ წაკითხულ წიგნებზე შთაბეჭდილებების მოსაგროვებელი ბლოკნოტია, წიგნის ჭიების ნამდვილი საგანძური. აქ ის უნდა ჩაწერო, რასაც წიგნზე ფიქრობ.

„რამდენ წიგნსაც წაიკითხავ და ჩაწერ, ახალ თავზე გადადიხარ. ყველა თავის წინ აღწერილია როგორ მუშაობს მწერალი, ვინ არის პროტაგონისტი, ანტაგონისტი, როგორ იგება სიუჟეტი, როდის იღებს პერსონაჟი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას...“ - ჰყვება გურამ მეგრელიშვილი.

ბლოკნოტი „აზროვნების აკადემიამ“ გამოსცა. მანვე დაბეჭდა ირაკლი უგულავას „ორი ლაზარეს ამბავი“, რომელიც პირველად 1988 წელს გამოვიდა. ამბავი ერეკლე მეორის ეპოქაში ხდება. ლაზარე უფლისწულია, რომელსაც მტრის ხელში ჩავარდნილი სასახლიდან გააპარებენ და საგულდაგულოდ მალავენ, რომ წლების შემდეგ ისევ ტახტზე დააბრუნონ.

„ბაბუაჩემის წიგნებს საპატიმროში დავუბრუნდი. კიდევ უფრო კარგად წავიკითხე და მარტო ბავშვებისაც არ არის. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ბაბუას წიგნებს მაშინდელი იდეოლოგიის დამღა არ ატყვია. იმედი მაქვს, ახალი გამოცემა ახალ მკითხველს შეიძენს“, - თქვა ირაკლი უგულავას შვილიშვილმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ წიგნის წარდგენისას.

ავტორის მეორე შვილიშვილი - ასევე ირაკლი უგულავა - ამბობს, რომ ბაბუა, გარკვეულწილად, საკუთარი სიამოვნებისთვის წერდა და საბჭოთა იდეოლოგიის გავლენასაც ამის გამო გადაურჩა.

„მწერალთა კავშირის წევრიც არ გამხდარა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული წიგნი აქვს გამოცემული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისი სხვა წიგნებიც გამოიცემა, რომლებიც არანაკლებ საინტერესოა“.

მწერლის შვილიშვილი ირაკლი უგულავა ავტოგრაფების გაცემისას
მწერლის შვილიშვილი ირაკლი უგულავა ავტოგრაფების გაცემისას

შოთა იათაშვილის „ნათია და თათიას თავგადასავალს“ კი თავს მართლა თავგადასავალი გადახდა. ავტორმა ამ წიგნის წერა 25 წლის წინ დაიწყო. აქ გოგონები შაქარყინულის სასახლიდან მოწვევას მიიღებენ და გზას გაუდგებიან. ნახევარი წიგნი სწორედ იმ გზაზეა, მეორე ნახევარი კი სასახლეში მომხდარ ამბავზე, მაგრამ...

„ეს გზა მაშინვე დავწერე, მაგრამ მერე ვეღარ გავაგრძელე. ვეღარ მივხვდი, სასახლეში რა უნდა მომხდარიყო. პერსონაჟები უნდა დამენახა და, როგორც ჩანს, მაშინ ჩემი ახალგაზრდული გამოცდილება ამას ვერ გასწვდა. გადის 25 წელი და უკვე დავინახე ეს პერსონაჟები, მაგალითად, ჯუჯღუნა კარისკაცი და მზარეულები, რომლებიც ამავე დროს მუსიკოსები არიან, მათ მეჯლისზე თავიანთი ტაფა-ჭურჭელი ჩამოაქვთ და ერთმანეთს ურახუნებენ, ვარსკვლავთმრიცხველი, მეფოკუსე...

და უკვე იოლი გახდა ზღაპრის გაგრძელება“.

წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად ექსპო-ჯორჯიაში ახალი გამოცემების პრეზენტაციები ტარდება. 28-29 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ნახვა მკითხველს ფესტივალის ვებგვერდზე შეუძლია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG