მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკი პოპესკუ აცხადებს, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც სახელმწიფოს ღალატსა და კორუფციაშია ეჭვმიტანილი, დაკავებულია მხოლოდ იმის გამო, რომ მოლდოვა იბრძვის კორუფციასთან. მისი თქმით, დაკავება არ არის დაკავშირებული „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, პოპესკუმ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლა „იწყება ზემოთ, პოლიტიკურ კლასში, ოლიგარქებს შორის კორუფციასთან ბრძოლით“. მისი თქმით, საქმე დოდონისა, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს, არ არის ერთადერთი - არის სხვა ბრალდებები და მოლდოვა ესწრაფვის რამდენიმე ოლიგარქის ექსტრადიციას, რომლებმაც ბევრი ფული მოჰპარეს მოლდოველებს და მიიმალნენ სხვა ქვეყნებში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს კომენტარს, რომ მოსკოვს არ სურს მოლდოვის მთავრობამ თავის ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტებს ანგარიში გაუსწოროს, პოპესკუ გამოეხმაურა და თქვა, რომ „მოლდოვის მთავრობა ემორჩილება ჩვენი ხალხის პოლიტიკურ მანდატს და არ ვთვლით ასეთ განცხადებებს აქტუალურად ან სწორად“.
26 მაისს კიშინიოვის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს 30 დღით საშინაო პატიმრობა მიუსაჯა, იტყობინება "მედიაზონა" და იმოწმებს NewsMaker-ს. პროკურორმა, პიოტრ იარმალიუკმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და დოდონს კვლავ დააკავებენ. უწყების თანახმად, ყოფილმა პრეზიდენტმა შინ შეიძლება სამხილები მოსპოს და გავლენა იქონიოს გამოძიებაზე.
დოდონი 24 მაისს დააკავეს და პასიურ კორუფციაში, დამნაშავეობრივი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღებაში, უკანონო გამდიდრებასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი საქმე პრეზიდენტ მაია სანდუს შეკვეთითაა მომზადებული.