Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

364-ე მუხლის ლაბირინთი და კმაყოფილება ამერიკის საელჩოს პასუხით


ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ლაშა ჩხიკვაძე, მოსამართლე 
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ლაშა ჩხიკვაძე, მოსამართლე 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს ჯერ დუმილი ჩაუთვალა თანხმობის ნიშნად, ხოლო შემდეგ გამოქვეყნებული განცხადება - „ოპოზიციაზე ცივი წყლის  გადასხმად“ შეაფასა.

აშშ-ის საელჩოს განცხადების ტექსტში არაფერია ნათქვამი "მთავარი არხის" დირექტორის, პატიმარ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამერიკაში აღარ/ვეღარ გამგზავრების საკითხზე - სწორედ იმაზე, რის შესახებაც ითხოვდა განმარტებებს მმართველი პარტიის ლიდერი.

კობახიძის მიერ დახატული რთული სქემის ლოგიკა ბევრისთვის გაუგებარი დარჩა, განსაკუთრებით საკითხის სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს „ოცნების” მიერ ბოლო ორ დღეში მოსამართლეების გარშემო გაკეთებულ განცხადებებზე.

რას ამტკიცებდა „ოცნება“ და რას ამბობს საელჩო?

მმართველმა პარტიამ ოპოზიციას აშშ-ის საელჩოს უსაფუძვლოდ დადანაშაულებაში დასდო ბრალო.

„ოცნების“ შეფასებით „რადიკალური ოპოზიცია“ საელჩოს სისხლის სამართლის დანაშაულს და, კერძოდ - „დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობას“ აბრალებს.

ბოლო დღეებში ხელისუფლების ოპონენტებმა ერთმანეთთან დააკავშირეს რამდენიმე ფაქტი და თქვეს, რომ შესაძლოა შემთხვევითი არ ყოფილიყო მოსამართლე ჩხიკვაძის საელჩოს პროგრამიდან ამოღება, მის მიერ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი სადავო განაჩენის გამო.
  • 20 მაისს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გამოეთიშა აშშ-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამას;
  • 16 მაისს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი საპატიმრო განაჩენი შეკითხვებს რომ აჩენდა, არ დაუმალავს აშშ-ის საელჩოს.
თავად მოსამართლე ჩხიკვაძემ საელჩოს პროგრამიდან მისი ამოღების მის მიერ გამოტანილ განაჩენთან კავშირი არც დაადასტურა და არც უარყო, მედია განმარტებებისთვის აშშ-ის საელჩოსთან გადაამისამართა.
25 მაისამდე, აშშ-ის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს განმარტებებისკენ, 24 მაისს, პარლამენტის დარბაზიდან მოუწოდა. უკვე 25 მაისს, აშშ-ის საელჩოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ „აშშ-ის საელჩოს განცხადება ძალიან სწორი განცხადებაა“ და ტექსტი ზუსტად ამტკიცებს „ქართული ოცნების“ მიერ გამოტანილ დასკვნებს.

„რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკის საელჩო სჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას. ამ განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას ამასთან დაკავშირებით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მას არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს „დაბარება“ და რომელი ოპოზიციონერი დეპუტატი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის საელჩო დანაშაულს სჩადიოდა.

საელჩოს განცხადებაში არაფერია განმარტებული იმის შესახებ, თუ რატომ აღარ/ვეღარ მიდის მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ში, სპეციალური პროგრამის ფარგლებში და არც ოპოზიციის ბრალდებებზეა ლაპარაკი. დიპლომატიური უწყება ხაზს უსვამს საქართველოს ხანგრძლივ აპოლიტიკურ დახმარებას და კანონთან სრულ შესაბამისობას.

აშშ-ის საელჩოს განცხადების ტექსტში წერია:
„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“.

იურისტების განმარტებით, მოსამართლე ჩხიკვაძე პროგრამის მონაწილეთა სიიდან საელჩოს ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებული პოზიციის გამოც რომ ამოეღო, ეს დანაშაულად ვერ ჩაითვლებოდა.

„პროგრამის მონაწილეთა სიების შედგენა და აშშ-ში წაყვანის პროცესი სამართლებრივ პროცესად ვერ ჩაითვლება... სულ რომ დადასტურდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სიიდან ამოღების შესახებ, მანდ ვერავინ დაინახავს კრიმინალის ნიშნებსაც კი... თუ ეს ასეა, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო არა სამართლებრივი, არამედ ერთგვარი მორალური სანქცია. ეს არის საელჩოს დისკრეცია, ვის ჩასვამს სიაში და ვის არა. ეს ყველაფერი აშშ-ის გადასახადის გადამხდელების ფულით კეთდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენელი, კახა წიქარიშვილი.

ირაკლი კობახიძე სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულ მუხლს ასახელებს.

364-ე მუხლი და პოლიტიკური ნაწილი

24 მაისს, პარლამენტის სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ საკმაოდ ვრცლად ილაპარაკა მოსამართლე ჩხიკვაძის საკითხთან დაკავშირებით და იქვე, უკლებლივ ყველა მოსამართლეს „ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლისგან“ დაცვის პირობაც მისცა.

მისი განმარტებით, ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დააბრალა.

სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლი შეეხება სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლას.
ამ მუხლის მე-2 ნაწილი „სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევას“ შეეხება და ისჯება ჯარიმით ან 2-წლამდე პატიმრობით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ამ კონტესტში 364-ე მუხლის მოხმობა აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარელევანტურია.

„თეორიულად, სამართალწარმოების განხორციელებაში რომ ჩაერიო, ქმედება განაჩენს უნდა უსწრებდეს წინ და უკვე დასრულებული სამართალწარმოების შემთხვევაში შეუძლებელია ლაპარაკი ზეგავლენაზე.... მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნებისმიერ დანაშაულს უნდა ჰყავდეს თავისი აღმსრულებელი და ვინ არის [ეს] ამ შემთხვევაში, გაუგებარია...

ამ დანაშაულის ჩამდენი ვერ იქნება საელჩო და მით უფრო აშშ-ის სახელმწიფო... ჩვენ ყველას და მათ შორის საელჩოსაც აქვს უფლება, რომ გააკრიტიკოს კონკრეტული განაჩენი და აქედან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი ვერ ჩაითვლება დანაშაულად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკურ შეფასებებს უფრო მოითხოვს.

„სამართლებრივი სისულელე“, „სამართლებრივად არაკომპეტენტური“ - ასე უწოდა „ლელოს დეპუტატმა“, ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი კობახიძის განმარტებების სამართლებრივ ნაწილს, 24 მაისს, პარლამენტის სხდომაზე და მას იურისტის კომპეტენციის პატივისცემაც ურჩია.

ოპოზიციაში უფრო საინტერესოდ და საყურადღებოდ მიიჩნიეს კობახიძის განმარტებების პოლიტიკური ნაწილი.

  • „ეს გზავნილი იყო მოსამართლეებისთვის, რომ არ შეშინდეთ, ბიჭებო და გოგოებო, ვინც ჩვენ გვემსახურებით, ჩვენ თქვენ დაგიცავთ. ახლა ნათლად დაინახეს, რომ არის ვითარებები, როცა მათ შეიძლება ვეღარ დაიცვან მართული მოსამართლეები“, - დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, „ლელო“;
  • „ჩანს, რომ საქართველოში მოსამართლეთა კლანი ნერვიულობს და ეს დაადასტურა ბატონმა კობახიძემ... მოსამართლეები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც ისინი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვერ იქნებიან, ადამიანის უფლებების კონტექსტში. სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესში, ყველამ იცის მათი სახელები და გვარები და ამიტომ მათი მღელვარება მართებულია“, - დეპუტატი ხატია დეკანოიძე, „ნაციონალური მოძრაობა“.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ „დავალებების შემსრულებელ“ მოსამართლეებს ვერავინ დაიცავს და, ადრე თუ გვიან, ისინი დაექვემდებარებიან საერთაშორისო სანქციებს, ისევე, როგორც ეს სხვა ქვეყნების, მაგალითად - ბელარუსისა თუ ბულგარეთის შემთხვევაში მოხდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG