აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია საქართველოს სასამართლო სისტემის მხარდაჭერის მიზნით წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. ეს კომენტარი საელჩომ მედიას გაუზიარა და იგი მოიცავს ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხს, მიმდინარე ამბებზე.
"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან", - წერია საელჩოს განცხადებაში.
გუშინ, 24 მაისს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან აშშ-ის საელჩოს მიმართა, მოსამართლე ჩხიკვაძეზე "სპეკულაციების დასასრულებლად" განცხადება გაევრცელებინა. კობახიძემ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება "რბილად რომ ვთქვა, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია".
"მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია.
თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო", - თქვა მან 24 მაისს.
ცნობა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება, 20 მაისს გავრცელდა.
ამ თემაზე თავად მოსამართლემ კომენტარს არ გააკეთა. "აღარანაირი კომენტარი, თვითონ საელჩომ გააკეთოს განმარტება", - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ჩხიკვაძემ.
18 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამერიკული პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან გამართულ შეხვედრაზე საელჩოში.
ამ მოსამართლემ 16 მაისს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
20 მაისს რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ გვარამიას საქმის მოსამართლე აშშ-ის პროგრამით ამერიკაში ვეღარ წავა.