პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა და თქვა, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ" აშშ-ს საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი.
საქმე ეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც პატიმრობის განაჩენი გამოიტანა "მთავარი არხის" გენდირექტორის საქმეზე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგი აშშ-ის პროგრამით შეერთებულ შტატებში ვეღარ გაემგზავრება.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აშშ-ს საელჩოს მიმართა, "სპეკულაციების დასასრულებლად" განცხადება გაავრცელოს.
"მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია.
თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო", - აღნიშნა მან.
კობახიძემ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება "რბილად რომ ვთქვა, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია".
"არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს", - განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ "რადიკალური ოპოზიციაც ზუსტად ასე იქცევა თავისი შიდა და გარე სპიკერებით - ჰგონიათ, რომ აშშ-ს საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ".
როგორც კობახიძე ამბობს, "ღრმად სწამს", რომ აშშ-ს საელჩო მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობას "არასოდეს იკადრებდა".
"ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი".
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს იმასაც, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც "ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს". ამის მაგალითად მან მოიყვანა "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე:
"2017-19 წლებში, სამწუხაროდ, ჩვენ არ დავიცავით მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, ისევე, როგორც, "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი დანარჩენი 12 მოსამართლე, გვარამიას და "ნაცმოძრაობის" სხვა სპიკერების ბულინგისგან. ბოლოს, თამაზ ურთმელიძე ისევ სტრასბურგის სასამართლოს დასაცავი გახდა, რომელმაც გვარამიას მხრიდან მისი ბულინგი უმკაცრესად დაგმო. ეს მეორედ აღარ უნდა დავუშვათ".
ირაკლი კობახიძეს პარლამენტის დარბაზშივე უპასუხა "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა. მან სამართლებრივად ძალიან არაკომპეტენტური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო უწოდა მის გამოსვლას:
"თავისდაუნებურად ამხილა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ძალიან სწორად გადადგმული ნაბიჯი რამდენად საშიშია თქვენ მიერ კონტროლირებადი სასამართლოს ჩამოსაშლელად და ახლა ხართ პანიკაში, რომ დიახ, ეს მოსამართლეები შეიძლება თანდათან ხელიდან გამოგეცალოთ.
მერე ვინ იქნება თქვენი დავალებების შემსრულებელი, თუ მოსამართლეები აღარ გეყოლებათ კანონის ჯალათებად? მაშინ როგორ შეძლებთ გაატაროთ ის პოლიტიკა ქვეყანაში, რომელსაც ატარებთ? ძალიან სწორია შემსრულებლების სანქცირება, იმიტომ რომ შემსრულებლები უნდა გამოეცალონ ყველა ხელისუფლებას ხელიდან", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
კობახიძეს გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაიაც, რომელმაც თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოსამართლეებისთვის მხარდაჭერის გამოხატვით კიდევ ერთი წვლილი შეიტანა ამ ინსტიტუციის განადგურებაში.
"ამ ინსტიტუციის განადგურებაში კიდევ შეიტანა წვლილი ბატონმა ირაკლი კობახიძემ, იმიტომ რომ სასამართლოს იმ მოსამართლეებს მიმართა, რომლებიც, შესაძლოა, არ იყვნენ ბოლომდე დამორჩილებული, მაგრამ ჩვენ დაგიცავთ, იცოდეთ, ბოლომდე, თუ ჩვენთან იქნებითო და მოუწოდა საბოტაჟისკენ და სოლიდარობისკენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც უნდა წავიდნენ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო პროგრამით აშშ-ში.
თქვენ ის სუსტი სისტემა, რაც არსებობდა, ბოლომდე გაანადგურეთ და დაუმორჩილეთ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ნებას", - განაცხადა დეპუტატმა.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს; გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც წესი, არ აკეთებს კომენტარს მისი პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე.
18 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამერიკული პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან გამართულ შეხვედრაზე საელჩოში.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
"აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად".
გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.